მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი უზრუნველყოფს, რომ მას შემდეგ, რაც პარტია აიკრძალება, დავაკვირდეთ, აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები. თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, შეეძლებათ თუ არა აკრძალული პარტიების წევრებს მომავალში ახალი პარტიის დაფუძნება.
„ზუსტად ამას შეეხება მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც გულისხმობს შემდეგ რამეს – თუ არსებობს პარტია და მიჩნეულ იქნა, რომ ეს პარტია არღვევს კონსტიტუციას და აიკრძალა, მასთან დაკავშირებულ პირებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გვერდი აუარონ ამ გადაწყვეტილებას. იურიდიული ფორმალობით, ადგნენ და დღეს თუ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და აიკრძალა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ხვალ შექმნან და დაარქვან „ეროვნული მოძრაობა“ და იგივე ხალხი იგივე მიზნებით შეიკრიბონ.
მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი უზრუნველყოფს, რომ მას შემდეგ, რაც პარტია აიკრძალება, დავაკვირდეთ, აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები. თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და იქ არის ორკვირიანი ვადა, რომ იმსჯელოს სასამართლომ. თუ დაადგენს, რომ ეს ნამდვილად არის ფარსი და ცდილობენ პოლიტიკოსები, რომ თავი დაიძვრინონ და ახალი იურიდიული ფორმა შექმნან, როგორც მემკვიდრე პარტია აიკრძალება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან ასევე განმარტა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აკრძალული პარტიის წევრი სხვა პარტიაში გადავა.
„თუ აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებული პირები შექმნიან ახალ პარტიას, ან შეუერთდებიან არსებულ პარტიას, საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, რომ მათი იქ ყოფნა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ არსებული პარტია გახდა მემკვიდრე პარტია, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და აკრძალოს ის პარტიაც. გვერდის ავლის საშუალება არ უნდა იყოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა დღეს წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.
