დანაპირები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გასცა, შესრულდება და პარტიები, რომელთა მიზანსაც ქვეყნის ნგრევა, კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ტერიტორიების დარიგება და ა.შ. წარმოადგენდა, დაბინძურებული პოლიტიკური ველიდან გაქრებიან. ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, კონკრეტული პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი ღერძი არის ის, რომ ისინი არ აღიარებენ დემოკრატიული მმართველობის ფორმას.
„რა ლაიტმოტივიც არის კონსტიტუციური სარჩელის ძირითადი ღერძი და ხერხემალი, არის ის, რომ ეს სამი პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ლელო“ პრაქტიკულად დემოკრატიას, როგორც პოლიტიკური წყობის ფორმას, პოლიტიკური მმართველობის ფორმას, არ აღიარებენ. არ აღიარებენ უმრავლესობის მმართველობას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, პარტიების ქცევა და მიზნები, რომელთა წინააღმდეგაც შედის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, ესადაგება კონსტიტუციის 23-ე მუხლში აღნიშნულ სამართლებრივ წანამძღვარს, რომელიც არის აუცილებელი ამა თუ იმ პარტიის კონსტიტუციურობის საკითხის დასაყენებლად.
რაც შეეხება პატარა პარტიებს, დავით მათიკაშვილის განცხადებით, არსებობენ ერთკაციანი პარტიები, რომლებიც დაკავშირებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, თუმცა მათ იმ მიზნების განხორციელების საშუალება, რაც საკონსტიტუციო სარჩელში დასახელებულ პარტიებს აქვთ, არ გააჩნიათ.
„ჩვენი მხრიდან სარჩელში ამ პარტიების შეტანა, მათთვის ბენეფიტის მიცემის ტოლფასი იქნებოდა იმ თვალსაზრისით, რომ რეალურად მათ საკუთარი რესურსი არ გააჩნიათ იმის, რომ რაიმე ფორმით ქვეყანა დააზიანონ. იმ შემთხვევაში, თუკი, რომელიმე პარტია დღეს, ხვალ, ზეგ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომ დემოკრატიას შეეწინააღმდეგება, უმრავლესობის გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგება, იქნება მუდმივად ხელისუფლების დამხობის მცდელობაში, არ იქნება საერთო დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილი და ამით მოექცევა კონსტიტუციის 23-ე მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში, ცხადია, რომ მომავალში რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს, ის ხელისუფლება მოითხოვს ამ კონკრეტული პარტიის აკრძალვას. ამ შემთხვევაში პარტიის სახელს არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს მის საქმიანობას და მის მიერ ჩადენილ ბოროტებას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
