წელიწადზე მეტი გავიდა ჩვენი ორგანიზაციის – „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დაფუძნებიდან. ამ დროის განმავლობაში, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, აქტიურად ვცდილობდით ყველა იმ მანკიერების მხილებას, რაც ქვეყნის შიგნით თუ გარედან ჩვენს სამშობლოს სერიოზულ საფრთხეებს უქმნის არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობისა და მშვიდობის კუთხით, არამედ, პირდაპირი გაგებით – საქართველოს ყოფნა/არყოფნის ეგზისტენციალურ საკითხს აყენებს, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ვატო შაქარიშვილმა მოძრაობის მიერ გამართულ ბრიფინგზე.
შაქარიშვილის თქმით, აშშ და ევროკავშირი საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებენ უთანასწორო ბრძოლას, რომლის მიზანიც ამჟამინდელი ხელისუფლების ჩამოშორება და ქვეყნის სათავეში მათი აგენტურული ჯგუფის მოყვანაა.
„ვინაიდან ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები დღემდე მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისა და ჩვენი საჭიროებების უგულებელყოფის პრიზმიდან უყურებენ, გასული ერთი წლის განმავლობაში ბევრჯერ განვაცხადეთ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ უთანასწორო ბრძოლაზე, რომლის მთავარ მიზნად კვლავ რჩება ხელისუფლების ნებისმიერი ფორმით ჩამოშორება და მმართველობაში მათი აგენტების დაბრუნება.
მას შემდეგ, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხისგან მანდატი კიდევ ერთხელ მიიღო, ნაცვლად იმისა, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყო, ხოლო გარე ძალებს დროებით მაინც შეეწყვიტათ ზემოქმედება საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, პრობლემები სულ უფრო იმატებს“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
