უზბეკეთი მასპინძლობს იუნესკო-ს კონფერენციას, რომელიც აერთიანებს იუნესკო-ს წევრ სახელმწიფოებს და ამ ფარგლებში გაიმართება მნიშვნელოვანი მსჯელობები როგორც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე, ასევე განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომელიც უზბეკეთში ვიზიტით იმყოფება.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა სათანადოდ იყოს წარმოჩენილი.
„საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, გამომდინარე ჩვენი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობიდან, რომელიც ასევე იუნესკო-ს მემკვიდრეობად არის აღიარებული. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს კულტურული მემკვიდრეობა, ის, რაც საქართველოს გააჩნია, ის სიმდიდრე იყოს სათანადოდ წარმოჩენილი. ეს ხდება პირველად, როდესაც იუნესკო-ს კონფერენცია იმართება შტაბ-ბინის გარეთ და ამ შემთხვევაში სამარყანდი მასპინძლობს ღონისძიებას. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის კარგი შესაძლებლობა იყო, რათა ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ასევე უზბეკური საზოგადოებისთვის და სწორედ ამ ფარგლებში გაიმართება ქართული კულტურის დღეები ერთგვარად, სადაც წარმოდგენილი იქნება იუნესკო-ს არამატერიალური მემკვიდრეობა საქართველოდან, ქართული სიმღერები, ქართული ღვინო და ზოგადად ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ასპექტები, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიების ფარგლებში იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, იუნესკო-ს გენერალური კონფერენციის ფარგლებში მოეწყობა ქართული კულტურის სტენდის საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად თანამშრომლობით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ქალაქ სამარყანდში, იუნესკო-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა 43-ე სესიაზე, ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებსა და იუნესკო-ს ხელმძღვანელ პირებთან.
