როდესაც ერთი მხარე არ აღიარებს ხელისუფლების კონსტიტუციურობას, ამ შემთხვევაში შესაბამისმა ინსტანციამ უნდა დაადგინოს, რომ ან ერთი მხარე არის არაკონსტიტუციური ან – მეორე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში.
პრემიერის თქმით, 5 წლის განმავლობაში კონკრეტული პოლიტიკური ძალები ქვეყანას აცხოვრებენ მუდმივ დაძაბულობაში, მუდმივ რადიკალიზაციაში, რაც პირდაპირ ხელყოფს ქვეყნის სტრატეგიულ ეროვნულ ინტერესებს.
„აქ არის საუბარი კონსტიტუციური წყობილების აღიარებაზე, რასაც ისინი არ აკეთებენ და ასეთ პირობებში მარტივად არის საქმე – როდესაც ერთი მხარე არ აღიარებს ხელისუფლების კონსტიტუციურობას, ამ შემთხვევაში შესაბამისმა ინსტანციამ უნდა დაადგინოს, რომ ან ერთი მხარე არის არაკონსტიტუციური ან – მეორე. 5 წლის განმავლობაში, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ძალები ქვეყანას აცხოვრებენ მუდმივ დაძაბულობაში, მუდმივ რადიკალიზაციაში, რაც პირდაპირ ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ეროვნულ ინტერესებს და ეს რაშია გამოხატული, ხომ ხედავთ. მათი ჩართულობით, მათი მონაწილეობით, მათი ძალისხმევით არის გაუარესებული ურთიერთობები ევროპულ სტრუქტურებთან. რა თქმა უნდა, ევროპული ბიუროკრატიას თავისი ცოდვები აქვს, მაგრამ ისინი პირდაპირ ეწევიან ისეთ საქმიანობას, ეს შემდგარი ფაქტია, რომ მათი თანამონაწილეობით, რეალურად დადგა შედეგი, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ შიგნით პოლიტიკური დაპირისპირება გვაქვს, პირდაპირ დადგა ზიანი ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესებისთვის. ჩვენი მიზანია ევროინტეგრაცია და ისინი თავიანთი შეგნებული ნაბიჯებით აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ გაუარესდეს ურთიერთობები ევროპულ სტრუქტურებთან. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამას აკეთებენ ისინი დეზინფორმაციით. ხომ გახსოვთ, შავ ხვრელად გამოაცხადეს ჩვენი ქვეყანა. ჩამოვიდა მისია, ამერიკელები, ბრიტანელები, ევროკავშირის წარმომადგენლები და პირდაპირ თქვეს, რომ ეს იყო დეზინფორმაცია, სიცრუე. მათ დააზიანეს ჩვენი ეროვნული ინტერესები. აქ არ არის მარტო შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე საუბარი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
