საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ჩინეთში კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. ირაკლი კობახიძეს ლი ციანმა შანხაიში უმასპინძლა, სწორედ მისი მოწვევით იმყოფება ჩინეთში დელეგაცია, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. ორმხრივი შეხვედრაც გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა – ორი ქვეყნის მინისტრების მონაწილეობით. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სტრატეგიული პარტნიორობის უფრო გასაძლიერებლად? – მთავრობის ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე სწორედ ამაზე იმსჯელეს. ისაუბრეს პოლიტიკურ-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს შუა დერეფნის – აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებადობის კონტექსტში.
სტუმარმაც და მასპინძელმაც, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების სიტყვის შემდეგ, იყო ორ ქვეყანას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმები.
ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობის განვითარება და არსებული პოტენციალის უკეთ ათვისება – ის ძირითადი მიმართულებაა, რომელსაც მხარეებს შორის არსებული დოკუმენტი ისახავს მიზნად. ამაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის დასრულებისთანავე ისაუბრა.
ჩინეთსა და საქართველოს შორის განახლდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, საინვესტიციო მიმართულების პუნქტიც, რაც ერთის მხრივ ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას, მეორეს მხრივ კი საქართველოდან ჩინეთში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტს შეუწყობს ხელს. მემორანდუმი გაფორმდა როგორც ეკონომიკის, ისე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის. მინისტრები ამბობენ, რომ კონკრეტულ მიმართულებებით სექტორული თანამშრომლობის გამყარება სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გამყარების გარანტიაა.
მხარეები თანხმდებიან, რომ ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური პოტენციალის ათვისებასთან ერთად, თანაბრად მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორებს შორის თანამშრომლობის განვითარებაც. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგადახდო სისტემებს შორის დაახლოებისა და ჩინური ბანკების საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობაზეც.
ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა, რომელიც საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილე დელეგაციების პატივსაცემად გაიმართა. იმპორტის მერვე გამოფენა შანხაიში ხვალ იხსნება, მასში საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვა ირაკლი კობახიძე.
შუაგულ ჩინეთში გამოფენაზე, საქართველოს 40-ზე მეტი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი.
