მაკრონის განცხადებები გვახსოვს, როდესაც მოძალადე ბრბოს მხარი დაუჭირა, რომელიც საქართველოს პარლამენტის დაწვას ცდილობდა. სხვა ქვეყანაში როცა ქარს დათეს, საკუთარ ქვეყანაში ქარიშხალს მიიღებ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი საფრანგეთმა საკუთარ ქვეყანაში მიიღო.
„სამყარო ასეა მოწყობილი, საბოლოო ჯამში, ვინც ბოროტებას დათესს, საკუთარ სახლში იმავეს მიიღებს. ამავე დროს, რაც ვიხილეთ, პოლიციის ბრუტალობაა – ადამიანს მტევანი მოსწყდა, ბავშვს, არასრულწლოვანს; ბავშვს, არასრულწლოვანს თვალი ამოთხარეს. ახალგაზრდას ყბა მოტეხეს და ჩაუშალეს. ფაქტობრივად, რასაც ვხედავთ, სისხლიანი ქრონიკაა პარიზის ქუჩებიდან. მნიშვნელოვანია, ეს ძალადობა დასრულდეს. ჩვენ ისე არ ვიქცევით, როგორც ზოგიერთი ევროპული ხელისუფლება იქცევა, რომ ხალისით უყურებს ძალადობას სხვა ქვეყანაში და შემდეგ ამ ძალადობას ახალისებს. რა თქმა უნდა, ეს ძალადობა უნდა დასრულდეს, უბრალოდ, ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს: როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, შემდეგ იმავე ძალადობას შენთანაც მიიღებ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
