საერთაშორისო გარემოსდამცველი ორგანიზაცია „გრინპისის“ ფრანგული ფილიალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთსა და რუსეთს შორის ურანით ვაჭრობა გააქტიურდა. ურანის ექსპორტის განახლების მტკიცებულებად „გრინპისი“ დიუნკერკში დაფიქსირებული აღდგენილი ურანის პარტიას ასახელებს.
გარემოსდამცველი ჯგუფის განცხადებით, მათმა აქტივისტებმა დიუნკერკში შენიშნეს აღდგენილი ურანის პარტია, რომელიც რუსეთისკენ მიემართებოდა.
„გრინპისი-საფრანგეთის“ წარმომადგენელმა, პოლინ ბოიერმა სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ ტიპის ურანის პირველი ექსპორტია.
„ეს უკანონო არ არის, მაგრამ ამორალურია“, – აღნიშნა ბოიერმა და საფრანგეთს მოუწოდა, შეწყვიტოს კონტრაქტები რუსეთის სახელმწიფო ბირთვულ კომპანია „როსატომთან“, რომელსაც, მისივე თქმით, უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აქვს ხელში ჩაგდებული.
შაბათს „გრინპისის“ აქტივისტებმა დიუნკერკში გადაიღეს, თუ როგორ დაიტვირთა რამდენიმე კონტეინერი აღდგენილი ურანით პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემ „მიხაილ დუდინზე“.
ორგანიზაციის თქმით, ეს გემი პორტში რეგულარულად შედის სანქტ-პეტერბურგში ჩატვირთული გამდიდრებული ან ბუნებრივი ურანის გადმოსატვირთად, ხოლო აღდგენილი ურანის პარტია პირველია ამ სახის ტვირთებს შორის, რაც მათ სამი წლის განმავლობაში უნახავთ.
ფრანგულმა კომუნალურმა კომპანია EDF-მა 2018 წელს 600 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი გააფორმა „ტენექსთან“ („როსატომის“ შვილობილი კომპანია), გამოყენებული ურანის ხელახალი გამდიდრებისთვის. ეს საქმიანობა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებში არ შედის.
2024 წლის მარტში საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ურანის გადამუშავებისა და ხელახალი გამდიდრებისთვის საჭირო ობიექტის მშენებლობას სერიოზულად განიხილავს.
https://www.polskieradio.pl/395/7785/Artykul/3608489
