უკრაინის ენერგეტიკის სექტორში არსებული კორუფციით გამოწვეული სკანდალი ქვეყნის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს არყევს. ამ სკანდალმა მაღალი თანამდებობის ორი პირი უკვე შეიწირა: პრეზიდენტის მოთხოვნით, პოსტები დატოვეს ენერგეტიკის მინისტრმა, სვეტლანა გრინჩუკმა და იუსტიციის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ.
ოპოზიცია, რომელიც ახლა უკვე ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსს, ანდრეი ერმაკს მიადგა, აცხადებს, რომ „ძნელი დასაჯერებელია“, მას ასეთი მასშტაბის სკანდალის შესახებ არ სცოდნოდა.
ბრალდების მტკიცებულებად ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებული ჩანაწერებიც გამოიყენება. როგორც უმაღლესი რადას (პარლამენტის) ერთ-ერთმა დეპუტატმა გამოცემა „პოლიტიკო“-ს განუცხადა, „ყველა ხვდება, რომ ჩანაწერებს მასთან [ერმაკთან] მივყავართ“. მისივე თქმით, ერმაკი ასევე იდგა ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებების შესუსტების მცდელობის უკან, რასაც ივლისში ჰქონდა ადგილი, თუმცა ამის განხორციელება ვერ მოხერხდა.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, სემეონ კრივონოსმა ეს კავშირები არ დაადასტურა და დანაშაულში ბრალი ჯერ არც ერმაკისთვის წაუყენებიათ.
იგივე გამოცემა აღნიშნავს, რომ ზელენსკი ამ საკითხს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მიხედავს. უკრაინის პრეზიდენტი ამჟამად დასავლეთ ევროპაში იმყოფება, მისი ადმინისტრაციის ორი თანამშრომელი კი აცხადებს, რომ მთავრობაში ცვლილებები მაინც განხორციელდება, თუნდაც ამაში ერმაკის გადადგომა არ იგულისხმობდეს.
უკრაინა ომის მეოთხე ზამთარს მძიმე პირობებში ხვდება. ამასთან, რუსეთი მის სხვადასხვა ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს აძლიერებს. ამ ვითარებაში, კორუფციული სკანდალი შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას ამძაფრებს და ზელენსკის უახლოესი გარემოცვას ასუსტებს.
დაპირისპირებამ უმაღლეს რადაში პრეზიდენტის მხარდაჭერა შეამცირა, პარალელურად კი ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტიამ, სამხედრო კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
„აუცილებელია, მთავრობის მიმართ უკრაინელი ხალხის ნდობის საკითხი გადაწყდეს“, – დაწერა ყოფილმა პრეზიდენტმა თავის ფეისბუკ-გვერდზე.
ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს გამოძიება შეეხება სავარაუდო სქემას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ენერგოკომპანია „ენერგოატომიდან“ 15 თვის განმავლობაში, კონტრაქტორებისთვის ქრთამის გადახდის სახით, შვეიცარიასა და ისრაელში 100 მილიონი ევრო გადაირიცხა.
ამ საქმეზე უკვე დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის – ყოფილი ვიცე-პრემიერი, ოლექსი ჩერნიშოვი, ხოლო ვლადიმირ ზელენსკის ყოფილ თანამებრძოლს, ტიმურ მინდიჩს სანქციები დაეკისრა და ქვეყანა მან გასულ კვირას, სახლის გაჩხრეკამდე დატოვა. უკრაინის პრეზიდენტმა ეჭვმიტანილებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
სკანდალს ევროპულ დონეზე რეაქცია უკვე მოჰყვა. ხუთშაბათს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ უკრაინისთვის დამატებით 100 მილიარდი ევროს დახმარების გადაცემის გაუქმება მოითხოვა. „გადახდის შეჩერებისა და ფინანსური გამჭვირვალობის დაუყოვნებლივ მოთხოვნის ნაცვლად, ურსულა ფონ დერ ლაიენს სურს, უკრაინას კიდევ 100 მილიარდი ევრო გაუგზავნოს“, – აცხადებს სიიარტო.
