პორტუგალიის ქალაქებში – ბეჟაში, პორტალეგრეში, ფიგეირა-და-ფოშსა და პორტუში – ჩხრეკის 50 და დაკავების 17 ორდერი გაიცა.
სამშაბათს, 25 ნოემბერს, პორტუგალიის სასამართლო პოლიციამ „რესპუბლიკური ეროვნული გვარდიის“ (GNR) 10 ჯარისკაცი და „საზოგადოებრივი უსაფრთხოების პოლიციის“ (PSP) ერთი ოფიცერი დააკავა. მათ ბეჟას რეგიონის ფერმებში ინდო-პაკისტანური წარმომავლობის მიგრანტთა თემების ექსპლუატაციასა და დამონებაში ედებათ ბრალი.
ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) და არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობის გარდა, არსებობს მტკიცებულებები საგადასახადო თაღლითობისა და ფულის გათეთრების კუთხით, რითაც ისინი უკანონო და დეკლარირების გარეშე მიღებულ შემოსავალს მალავდნენ.
„ამ მიზნით შექმნილი დროებითი დასაქმების კომპანიების მეშვეობით, ბრალდებულთა ჯგუფის ორგანიზატორი სარგებლობდა მათი მოწყვლადობით, ახდენდა მათ ექსპლუატაციას, ახდევინებდა საცხოვრებლისა და კვების საფასურს და, მუქარის გამოყენების გზით, მუდმივი იძულების ქვეშ ამყოფებდა. ასევე დაფიქსირდა ფიზიკური შეურაცხყოფის რამდენიმე ფაქტი“, – ნათქვამია სასამართლო პოლიციის (PJ) განცხადებაში.
ადგილზე 200 ინსპექტორი მუშაობს. ოპერაცია ქალაქ ბეჟას მიმდებარე კაბესა-გორდას დასახლებაში მიმდინარეობს, სადაც განთავსებულია ის ფერმები, რომლებში მყოფ ადამიანებს რესპუბლიკური ეროვნული გვარდიის (GNR) ჯარისკაცების ზედამხედველობისა და იძულების ქვეშ ამუშავებდნენ.
ოპერაცია „საფრა ჟუსტას“ ფარგლებში, რესპუბლიკური ეროვნული გვარდია სასამართლო პოლიციასთან თანამშრომლობს და მხარდაჭერას უწევს. დაკავებული პირები პროკურატურის წინაშე მალე წარდგებიან.
