ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის კიასტუტის ბუდრისის თქმით, უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე რუსეთის პოზიცია მიუღებელია და ის რეგიონში საფრთხეებს გაამძაფრებს. ამის შესახებ განცხადება ლიეტუველმა დიპლომატმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გააკეთა.
ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჯერ არ არსებობს რაიმე ნიშნები, რომ რუსეთი მზადაა სამშვიდობო შეთანხმებისთვის, გარდა იმ ვარიანტისა, როდესაც რუსეთის ულტიმატუმს ყველა დაეთანხმება, რაც ბუდრისის მოსაზრებით, შეუძლებელია.
„ჩვენ ვხედავთ აშშ-ის მხრიდან ძალისხმევას, მაგრამ რუსეთის მხრიდან არანაირი მოქნილობა არ არის. ისინი უბრალოდ ცდილობენ, დაარწმუნონ საერთაშორისო საზოგადოება, რომ ფუნდამენტური საერთაშორისო პრინციპების დარღვევა ნორმალურია. მაგრამ ჩვენ ამას არ ვეთანხმებით“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, მთავარ საკითხად, რომლის გარშემოც შეთანხმების მიღწევაც შეუძლებელია, ბუდრისმა დაასახელა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული მიწების რუსეთის კუთვნილებად აღიარება.
„ჩვენ თუ ვაღიარებთ რუსეთის ტერიტორიულ მიღწევებს, მაშინ ეს მოკლავს საერთაშორისო სამართალს. შედეგი იქნება ახალი თავდასხმები და უფრო მეტი საფრთხეები როგორც რუსეთის მეზობლებისთვის, ისე ყველგან“, – განაცხადა ლიეტუველმა მინისტრმა.
მისივე თქმით, ერთადერთი ვარიანტი შექმნილ სიტუაციაში არის ნატო-ს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაა.
