ბევრი კითხვის ნიშანია თუ როგორ უძღვებოდა ის საერთოდ ევროპის ფინანსურ მენეჯმენტს, ევროკავშირს, – განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ბრონისლავ ონდრუშმა ფედერიკა მოგერინთან და ბრიუსელში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ევროკომისია, პარლამენტი, აშკარაა რომ სხვადასხვა ლობისტური ინტერესების ზეწოლის ქვეშაა.
„ბევრი კითხვის ნიშანია თუ როგორ უძღვებოდა ის საერთოდ ევროპის ფინანსურ მენეჯმენტს, ევროკავშირს. ჩვენ ყველას ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, მაგალითად ლობიზმის წესების დასახვეწად. ეს ყველაფერი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე აისახება. ევროკომისია, პარლამენტი, აშკარაა რომ სხვადასხვა ლობისტური ინტერესების ზეწოლის ქვეშაა“, – აღნიშნა ბრონისლავ ონდრუშმა.
ცნობისთვის, ბელგიის პოლიციამ გაათავისუფლა ფედერიკა მოგერინი და სტეფანო სანინო მას შემდეგ, რაც ისინი თაღლითობის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაკითხვის მიზნით დააკავეს. ამის შესახებ ევროკავშირის საჯარო პროკურორმა განაცხადა.
ბრიუგეში მდებარე ევროპის კოლეჯსა და ბრიუსელში მდებარე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გუშინ ჩხრეკა ჩატარდა. კერძოდ, ჩხრეკა ბრიუსელში ევროპის პროკურატურამ ჩაატარა. EPPO-მ ჩხრეკა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული უმცროსი დიპლომატებისთვის ტრენინგებთან დაკავშირებული სავარაუდო თაღლითობის გამოძიების ფარგლებში ჩაატარა. „ბრალდებები ეხება შესყიდვების თაღლითობასა და კორუფციას, ინტერესთა კონფლიქტსა და პროფესიული საიდუმლოების დარღვევას. ისინი გაათავისუფლეს, ვინაიდან მათი მიმალვის რისკი არ არსებობს“, – ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.
