ევროპა ცდილობს მათ მიერ გამოჩენილი დიდი ჰუმანიზმი დიდი სიმკაცრით შეცვალოს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობას ადგილობრივი უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ამით კომენტარს აკეთებს ქართველი რადიკალების მხრიდან მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ახალ კამპანიაზე. საქმე ეხება ევროკავშირის მიერ მიღებულ კანონს მიგრაციის შესახებ.
თამარ ჩიბურდანიძის აზრით, ევროკავშირი და მათ შორის პოლონეთიც მიგრანტთა მიღებას ამკაცრებს „მიგრაციული პაქტის“ გამო, რაც ყველა ქვეყნისთვის თანაბრად ამოქმედდა და ქვეყნის დღის წესრიგი აქ არაფერ შუაშია.
„ოპოზიცია ისევ მანიპულირებს პოლიტიკური თემებით და ცდილობს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს. ამჟამად მათი იარაღი მიგრაცია გახდა. ისინი ცდილობენ თავად ევროკავშირის მიერ მიღებული მიგრაციული კანონი მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედებულ ნორმად გაასაღონ. საქმე იმაშია, რომ ევროკავშირი და მათ შორის პოლონეთიც, მიგრანტთა მიღებას ამკაცრებს არა საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, არამედ, მის მიერ მიღებული „მიგრაციული პაქტის“ გამო, რაც ყველა ქვეყნისთვის თანაბრად ამოქმედდა.
ამ პაქტის თანახმად, გამკაცრდა საზღვარზე არალეგალი მიგრანტების შემოწმება და მათი მიღება. ევროპა ცდილობს მათ მიერ გამოჩენილი დიდი ჰუმანიზმი დიდი სიმკაცრით შეცვალოს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობას ადგილობრივი უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ. მიგრაციით გამოწვეული პრობლემები იმდენად მგრძნობიარეა მათთვის, რომ იძულებულნი გახდნენ მკაცრი ზომები მიეღოთ. თუმცა, „მიგრაციულ პაქტის“ მიხედვით, მიგრანტთა „სამართლიან გადანაწილებას“ თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დაუპირისპირდნენ. ამ პაქტის თანახმად, მიგრანტთა დიდი ნაწილი რჩება იმ ქვეყნებში, სადაც ისინი პირველად შევლენ და სწორედ ის ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებას მათ გადანაწილებაზე.
ამ საკითხზე ყველას კარგად გვახსოვს პოლონეთის ხელისუფლების განცხადებები, რომლებიც იმუქრებოდნენ კიდეც, რომ ეს საკითხი შესაძლოა გამხდარიყო მათი ევროკავშირიდან გასვლის საბაბი. სწორედ ამიტომ არის პოლონეთი განსაკუთრებით მკაცრი 1 დეკემბრიდან მიგრანტთა მიღებაზე და არა იმიტომ, რომ მათ არ მოსწონთ საქართველოს „ანტიევროპული“ პოლიტიკა, როგორც ამას ოპოზიცია ასაღებს და ცდილობს კიდევ ერთხელ გააღიზიანონ ქართველი ხალხი. თუმცა, ისინი არ საუბრობენ იმაზე, დღეს რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვიყოთ, რა დღეში ჩავარდებოდა საქართველო, თუნდაც ამ ერთი კანონის, „მიგრაციული პაქტის“ გამო? ან რა გველის მომავალში? ბუნებრივია, ამ თემებზე მათ დამკვეთები არ ალაპარაკებენ, სამაგიეროდ აყვირებენ დიდ ქვეყანაში შემოსულ ინვესტიციებზე, რომელიც თურმე მიგრაციულ საფრთხეებს შეიცავს“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
