გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე პურის ქარხანაში „იფქლი დიღომი“ საწარმოო პროცესს გაეცნო. მინისტრის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის კონსულტანტი ომარ კაჭარავა.
„იფქლი დიღომი“ ქართული პურის ექსპორტს ისრაელში ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს პურის წარმოების ტექნოლოგიური ხაზი და ის პროცედურები გააცნეს, რომელიც პროდუქციის ექსპორტზე გატანის საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად დაინერგა.
„კომპანია „იფქლი დიღომის“ პროდუქცია ისრაელის სახელმწიფოში, უკვე მესამედ გადის ექსპორტზე. ეს პური სპეციალური ტექნოლოგიით მზადდება და დიდი მოთხოვნით სარგებლობს ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ დასაწყისია დიდი წარმატების. ვიმედოვნებ, ორი ქვეყნის თანამშრომლობა პურის ექსპორტის მიმართულებით კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, – განაცხადა ლაშა დოლიძემ.
„იფქლი დიღომი“ პირველია, ვინც პურის ექსპორტს ახორციელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ექსპორტისათვის პროდუქციამ ისრაელის ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა და აკრედიტაცია გაიარა. ქართული კომპანიის პური ისრაელის სუპერმარკეტების ქსელში იყიდება.
ექსპორტისათვის პროდუქტი სპეციალური ტექნოლოგიით მზადდება; პური ცხობის შემდეგ თავსდება შოკ-მაცივარში და – 35 გრადუსზე იყინება, რის შემდეგ – 18 გრადუსის რეჟიმში, სპეციალურ კონტეინერში ინახება. გაყინულ მდგომარეობაში პურის შენახვის ვადაა 6 თვე. მნიშვნელოვანია, რომ გალღობის შემდეგ ნარჩუნდება ახალგამომცხვარი პურის სტრუქტურა.
