ბრიუსელის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა თუ გვეყოლება, ისინი ომში ჩაგვითრევენ, თუ ეროვნული მთავრობა გვეყოლება, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ამას თავი ავარიდოთ, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
მისი თქმით, ევროპა კონფლიქტისკენ სწრაფად მიიწევს და ომის ესკალაციის ბოლო ფაზაშია.
„ომი შორს არ არის. პოლიტიკურად ის ახლოსაა. ევროპელმა ლიდერებმა უკვე გადაწყვიტეს – ევროპა ომში მიდის. ეს ოფიციალური პოლიტიკაა. მათ სურთ, რომ 2030 წლისთვის მზად იყვნენ. ევროპა ახლა ოთხსაფეხურიანი ომის ესკალაციის ბოლო ფაზაშია: დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა; ეკონომიკის საომარ რეჟიმში გადაყვანა; სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენა; პირდაპირი კონფრონტაციისთვის მზადება. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ვილოცოთ. ეს სიტუაცია ჩვენს ძალებს აღემატება. კითხვა ასეთია: შეგვიძლია თუ არა ომის თავიდან არიდება? ჩვენ ძალა გვჭირდება. უნგრეთი საკმარისად ძლიერი უნდა გახდეს არა მხოლოდ იმისთვის, რომ ომს უარი უთხრას, არამედ იმისთვისაც, რომ მისგან თავი შორს დაიჭიროს. ომის ეშმაკები ყოველთვის ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ ომი მათ სარგებელს მოუტანს. ჩვენ ეს უნდა უარვყოთ და მშვიდობისთვის დავდგეთ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მან ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის გადაწყვეტილებები, რის გამოც უნგრეთის ხმა სანქციების პოლიტიკაში უკანა ფლანგზე გადაიწია.
„ეს სრული თავხედობაა. ევროკავშირმა სანქციები სავაჭრო პოლიტიკად გადააკვალიფიცირა, ამიტომ მათ ერთსულოვანი გადაწყვეტილებები აღარ სჭირდებათ. ამან მათ საშუალება მისცა, ჩვენთვის გვერდი აევლოთ. ეს უპატივცემულობის აქტია“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
