უკრაინის ძალებმა ნოვოროსიისკში რუსული წყალქვეშა ნავი ააფეთქეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინულმა წყალქვეშა დრონებმა ნოვოროსიისკის პორტში მწყობრიდან გამოიყვანეს „ვარშავიანკას“ კლასის რუსული წყალქვეშა ნავი.
„წყალქვეშა ნავმა მიიღო კრიტიკული დაზიანება და ფაქტობრივად გამოყვანილი მწყობრიდან“, – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ვიდეოს მიხედვით აფეთქება წყალქვეშა ნავის კორპუსთან მოხდა. ახლოს მდებარე რუსული გემები არ დაზიანებულა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყალქვეშა ნავის ბორტზე განთავსებული იყო „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გამშვები დანადგარები, რომლებსაც უკრაინაზე თავდასხმებისთვის იყენებდნენ.
უკრაინის სპეცსამსახურებში „ვარშავიანკას“ ტიპის წყალქვეშა ნავის ღირებულებას 400 მილიონ დოლარად აფასებენ.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტში წყალქვეშა ნავის დაზანებას უარყოფენ. ამასთან, რუსეთის თავდაცვის უწყებაში ნოვოროსიისკის პორტში უკრაინელების მხრიდან დივერსიის მოწყობის მცდელობა დაადასტურეს.
ცნობისთვის, 2025 წლის შემოდგომიდან უკრაინამ საზღვაო დრონებით არაერთხელ მიიტანა იერიში ნოვოროსიისკის პორტში მდებარე ნავთობტერმინალებზე. ამავე პორტში განლაგებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ბაზა.
