უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირი ცდილობს უკრაინის საომარი ხარჯების დაფინანსება აიძულოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე კონსენსუსი არ არის. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
მისივე თქმით, უკრაინაში ომის შედეგები მომავალ თაობას დააწვება ტვირთად.
„ყველას, ვინც შვილიშვილების ხარჯზე ევროკავშირის სესხებს ითხოვს, ახლა შეუძლია, შეუერთდეს ბრიუსელის გუნდს. ისინი ყოყმანის გარეშე გასცემენ მათ, შეგიძლიათ წინააღმდეგობა გამოთქვათ, რამდენიც გსურთ, მაგრამ როგორც კი იქ აღმოჩნდებით, უკან გამოსასვლელი გზა მარტივი არ არის. ევროკავშირის საბჭოს სხდომის მოახლოებასთან ერთად, იწყებს ჩამოყალიბებას გადაწყვეტილება, რომლითაც ბრიუსელელი ბიუროკრატები ეცდებიან, გვაიძულონ უკრაინის ორწლიანი საომარი ხარჯების დაფინანსება. და კვლავ გამოსავალი სასწაულმოქმედი იარაღია: ერთობლივი სესხები. თუ საჭიროა კონსენსუსის გარეშეც. ვისაც არ სურს ეს, მაინც დაუწესებენ და პროცენტებს ათეულობით წლის განმავლობაში გადაიხდიან“, – აღნიშნა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერი აცხადებს, რომ ევროკავშირი ესკალაციის გზას ადგას და რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფად დასრულების შანსს კარგავს.
„ეს ნიშნავს რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფად დასრულების შანსის სამუდამოდ დაკარგვას. ჩვენ ესკალაციის მიმართულებით მივდივართ და ერთი რამ ცხადია, ამ ომის შედეგები ტვირთად ჩვენს შვილიშვილებსაც დააწვება. მიუხედავად ამისა, უნგრეთმა უნდა გაიაროს ეს დანაღმული ველი, ამ ხუთშაბათსა და მომავალ წლებში“, – წერს ვიქტორ ორბანი.
