ტელეკომპანია „პირველიდან“ Prime Time – ს წყარომ სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ინფორმირებული პირი გვიყვება, ძალზედ სერიოზული დაპირისპირებაა ვატო წერეთელსა და ნოდარ მელაძეს შორის. გასული რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთი სერიოზული კონფლიქტი მოხდა ტელევიზიაში, რაც ძირითადად გამოწვეულია ხელფასების გადაუხდელობით.
ნოდარ მელაძე ლობირებს საკუთარი გადაცემის, “შაბათის” ჟურნალისტებს, ხოლო სხვა თანამშრომლები იზიარებენ ვატო წერეთლის პოზიციას. არხის მფლობელის აზრით – თუნდაც მწირი რესურსი ყველაზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს.
წყაროს ინფორმაციით, წერეთელი და მელაძე დაკავებულები არიან ერთმანეთზე კომპრომატების გავრცელებით. ერთი მხრივ მელაძე ყველგან აფიქსირებს, რომ ვატო წერეთელი ჟურნალისტების თანხებს ხარჯავს აზარტულ თამაშებში, დადის სოფო ჯაფარიძის ჭკუაზე და მისი მითითებით აბანდებს თანხებს სხვადასხვა ბიზნესებში.
თავის მხრივ, ვატო წერეთელი უკვე ღიად აცხადებს, რომ ნოდარ მელაძეს ყველა ფეხებზე ჰკიდია თავისი 5-6 ჟურნალისტის გარდა, მან “დედა უტირა” ტელევიზიას, არხისგან შექმნა “ყვითელი პრესა” და გააცამტვერა ტელევიზიის რეპუტაცია.
ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალს ყველაზე აქტიურად ეძებს ტვ „პირველის“ სახე – დიანა ტრაპაიძე, რომელიც ტელევიზიის ძალიან ბევრ თანამშრომელთან აღარ მალავენ შიშს, რომ თუ წერეთელი და მელაძე ვერ შეარიგეს და ამავდროულად ფინანსების მოძიება ვერ შეძლეს, ტელევიზია უახლოეს მომავალში დაიხურება.
წყაროს ინფორმაციით, ნოდარ მელაძე აქტიურად არკვევს, თუ რა რაოდენობის თანხა მისცა ბაჩიაშვილმა წერეთელს ტელევიზიის დასაფინანსებლად. მას აქვს ეჭვი, რომ ბაჩიაშვილის მიცემული თანხა არხის მფლობელმა ტელევიზიას არ მოახმარა და პირადი მიზნებისთვის დახარჯა. მელაძე აპირებს, წერეთელს ეს ბრალდება საჯაროდ წაუყენოს.
თავის მხრივ წერეთელი პირად საუბრებში არ მალავს, რომ არ დაექვემდებარება მელაძის შანტაჟს და თუ საჭირო გახდა, გამოიყენებს ყველა მეთოდს მის გასანეიტრალებლად. წერეთელი არაერთ ადამიანთან ასევე ღიად აფიქსირებს, რომ მელაძის გადაწყვეტილებით არხი ბოლომდე შეყვა „კამიტის“ აბსურდულ თემას და იმის მიუხედავად, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამ ისტორიას არ იჯერებს, საინფორმაციო სამსახური ჯიუტად აკეთებს სიუჟეტებს გამოგონილი დაზარალებულების შესახებ, რამაც წერეთლის აზრით არხი სერიოზულად დააზიანა.
