ესტონეთის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტმა (PPA) თითქმის 900 მძღოლს, რომლებიც ავტომობილის სახიფათო მართვაში იყვნენ შემჩნეულნი, „შავი საშობაო ბარათი“ გაუგზავნა, რომლითაც მათ სატრანსპორტო საშუალების პასუხისმგებლიანი მართვისკენ მოუწოდა.
უკვე მე-15 წელია, რაც ყველაზე საშიში საგზაო სამართალდამრღვევები საშობაოდ შავ ბარათებს იღებენ. წლევანდელ ბარათზე, მთვარის შუქზე, გამოსახულია ავარიის შედეგად ჩამსხვრეული მანქანის ფარები.
2025 წელს, წინა წელთან შედარებით, „შავი ბარათის“ ადრესატთა რაოდენობა 850-დან 880-მდე გაიზარდა. მათგან 134 შარშანდელ სიაშიც იყო, ხოლო 28 პირი „შავ სიაში“ ზედიზედ მესამე წელია ხვდება.
სიაში მოსახვედრად „საჭიროა“, პირს ჩადენილი ჰქონდეს, მინიმუმ, ოთხი ავტოსაგზაო სამართალდარღვევა. წელს დარღვევების მესამედი სიჩქარის გადაჭარბებას, დაახლოებით ამდენივე კი საგზაო მოძრაობის წესების სხვა დარღვევებს უკავშირდებოდა.
PPA-ს საგზაო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ტაავი კირსის თქმით, წლევანდელი წელი, ზოგადად, უკეთესი იყო, ვიდრე წინა წელი. შემცირდა ისეთი ავარიების რაოდენობა, რომლებიც ადამიანების დაღუპვით ან დაშავებით დასრულდა.
თუმცა, რისკიანი ქცევით გამორჩეულ მძღოლებს ამ წინსვლაში წვლილი ნამდვილად არ მიუძღვით.
„პოლიციის სადღესასწაულო სურვილი მარტივია – სხვა ყველაფერთან ერთად, დაფიქრდით იმ კვალზე, რომელსაც ესტონეთის საგზაო მოძრაობაში თქვენი ავტომობილი ტოვებს. მათ შორის ხართ, ვინც სხვების უსაფრთხოებას უწყობს ხელს, თუ მათ შორის, ვინც გზებზე საფრთხეს ქმნის?“, – ნათქვამია მის განცხადებაში.
„თვითგამოსწორების გზა მარტივი არ არის, მაგრამ არც იმ ფაქტის უგულებელყოფა შეიძლება, რომ ამ 880-მა ადამიანმა, მთელი ესტონეთის მასშტაბით, 81 ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია და 4 603-ჯერ უხეშად დაარღვია მოძრაობის წესები. ამ რიცხვში არ შედის სიჩქარის მზომი კამერების მიერ დაფიქსირებული ჯარიმები – ისინი მხოლოდ პატრულთან უშუალო კონტაქტის დროს გამოვლინდა“, – აღნიშნა კირსმა.

დამრღვევების „გამორჩეული“ სამეული
ყველაზე „გამორჩეული“ დამრღვევია 1949 წელს დაბადებული მამაკაცი კუნძულ საარემაადან, რომელმაც მიმდინარე წლის განმავლობაში 24 საგზაო დარღვევა დაუფიქსირდა.
მისი დარღვევების ნუსხაში შედის ავტომობილის მართვა სავალდებულო დაზღვევის, უსაფრთხოების ღვედის და ტექდათვალიერების გავლის გარეშე, აგრეთვე მოძრაობის საპირისპირო ზოლში სიარული.
მიმდინარე წელს ის, ჯამში, 4 400 ევროთი დაჯარიმდა, რომელიც ამ დრომდე არ გადაუხდია.
მეორე ყველაზე სერიოზული დამრღვევი 1994 წელს დაბადებული მამაკაცია (22 დარღვევა), ხოლო მესამე — 1990 წელს დაბადებული მამაკაცი (15 დარღვევა). სამივე მათგანი დამრღვევთა სიაში წინა წლებშიც ხვდებოდა.
დამრღვევთა უმრავლესობას ახალგაზრდა მამაკაცები შეადგენენ
PPA-ს ბარათების ადრესატთა აბსოლუტური უმრავლესობა მამაკაცია – „შავი საშობაო ბარათი“ მხოლოდ 33 ქალს გაეგზავნა.
დამრღვევთა საშუალო ასაკი 34 წელია. „შავ ბარათებს“, ყველაზე ხშირად, 2004 და 2006 წლებში დაბადებული მძღოლები იღებენ, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა „რეციდივისტები“ 2008 წელს არიან დაბადებულები.
კირსი დასძენს: „ჩვენს გზებზე ზედმეტად ბევრი რისკიანი ქცევა და სიჩქარის გადაჭარბება ფიქსირდება. ამიტომ, გთხოვთ, ისე მართოთ ავტომობილი, რომ თქვენც და თქვენი თანამგზავრებიც სახლში მშვიდობით დაბრუნდეთ“.
https://news.err.ee/1609889512/estonia-s-police-send-black-christmas-cards-to-over-800-dangerous-drivers

