გასულ უქმეებზე გათავისუფლებული კიდევ 20 ბელარუსი პოლიტპატიმარი ხუთშაბათს ლიეტუვაში ჩავიდა. ამ ინფორმაციას ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოვსკაიას წარმომადგენელი ადასტურებს.
შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შედეგად, ბელარუსმა გასულ შაბათს 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის – ლიეტუვის ორი მოქალაქე, რომლებიც უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდნენ. გათავისუფლებულთაგან ცხრა ლიეტუვას ტერიტორიაზე შევიდა, დანარჩენებმა კი უკრაინის გავლით იმგზავრეს.
გათავისუფლებულებს შორის არიან: ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, დისიდენტი ალეს ბელიაცკი, ოპოზიციის ლიდერი მარია კალესნიკავა, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტარ ბაბარიკა, ოპოზიციონერი აქტივისტი მაქსიმ ზნაკი და მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი პაველ სევერიანეცი.

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ორშაბათს ბელიაცკის შეხვდა და ბელარუსის დემოკრატიულ ოპოზიციას მხარდაჭერა აღუთქვა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა, პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, ბელარუსული კალიუმის ექსპორტზე სანქციები გააუქმა. ლიეტუველი მაღალჩინოსნები ხაზს უსვამენ, რომ ეს ნაბიჯი ევროკავშირის სანქციებზე არ მოქმედებს და, სანქციების შემსუბუქების კუთხით, ვაშინგტონს პირდაპირი ზეწოლა არ მოუხდენია.
მიმდინარე წლის ივნისსა და სექტემბერში, აშშ-სთან მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, ბელარუსის ციხეებიდან 60-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლეს, მათ შორის – ლიეტუვის ექვსი მოქალაქე.



