ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ და რატომაც შეგვრაცხეს ბრიუსელმა და მისმა წარმომადგენლებმა ლამის ანტიდემოკრატებად, იმას ამბობს ილონ მასკი და აშშ-ის ხელისუფლება, რომ ოქსიმორონი და ყველაზე დიდი აფერა 21-ე საუკუნის არის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხო მთავრობებისგან და რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ სწორედ ეს აფერა ამხილა და „სწორედ ამიტომ ჩახსნა ყველანაირი დაფინანსება ამ მანკიერი სისტემისა“.
„ეგრეთ წოდებული ენჯეო სისტემა ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დასავლეთმა თავს მოახვია განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ეგრეთ წოდებულ ახალ დემოკრატიებს. ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიების წინააღმდეგ გააკეთა დასავლეთმა, ეს არის სწორედ ენჯეო სისტემა, რომლითაც საკუთარი უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლები ჩასვეს ყველგან, სადაც კი შეეძლოთ ჩაესვათ; ჩართულები იყვნენ კანონშემოქმედებაში, ჩართულები იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში, ჩართულები იყვნენ სასამართლო ხელისუფლების საქმეებში, ჩართულები იყვნენ მედიის საქმიანობაში – ყველგან არის უცხო ქვეყნის ხელისუფლებების საცეცები ჩანერგილი სხვა ქვეყნებში, და სწორედ ეს თქვა, გაიმეორა ილონ მასკმა, რომ ეს არის აბსოლუტური ოქსიმორონი, რომ უცხო ხელისუფლებების, უცხო მთავრობების დაფინანსებულ ორგანიზაციებს უწოდო არასამთავრობო ორგანიზაციები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

