საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც საქართველოში ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ხოლო ახლა ვენესუელას ნატრულობენ.
„ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ. ეს ის სხვისი დროშის მოტრფიალე ადამიანების ჯგუფია, რომელმაც ხალხის მხარდაჭერის იმედი დაკარგა, გარე ძალების იმედს ხავსივით ებღაუჭება და „დემოკრატიის ბომბებზე“ და „ლიბერალიზმის რაკეტებზე“ ოცნებობს. დემოკრატიულად დამარცხებულებს, ძალაუფლების მოპოვების მხოლოდ ერთი სცენარი ეიმედებათ – გარე ჩარევით და ძალადობით ხელისუფლებაში მოსვლა. ასეთ უსამშობლო მრუდე ქართველებს – ლიპარიტებს, ყორღანაშვილებს, ორჯონიკიძეებს – ისტორიამ თავისი სახელი დაარქვა, ჩვენს თანამედროვე უსამშობლოებს კი საზოგადოებამ მიუჩინა კუთვნილი ადგილი“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ვენესუელაში ჩატარებულმა რამდენიმეწუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს და, როგორც ჩანს, ის ასეთად ვეღარასდროს იქცევა. მეტიც, აღმოჩნდა, რომ ბრიუსელი, როცა დასჭირდება, მსოფლიო წესრიგის რღვევით სარგებლის მიღებას და მის სათავისოდ გამოყენებასაც არ მოერიდება. ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოქმედებაც ამის კარგი დასტურია.
„იანვრის პირველივე დღეებში დატრიალებულმა საერთაშორისო ქარიშხალმა, რომელიც, როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ ძალას იკრებს, უფრო განამტკიცა ჩვენი გეგმა 2026-ში – არ გადავუხვიოთ მშვიდობის პოლიტიკას და არ ჩავერთოთ სხვების სცენარებში. ჩვენს უკან დგას ხალხი, რომელსაც უნდა მშვიდობა და კეთილდღეობა დამოუკიდებელ და გამთლიანებულ საქართველოში. უცხოს მადიდებელი მრუდე ქართველების ყოველი სიტყვა და ქმედება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, და ამ მიზანს ვერავინ და ვერაფერი აგვაცდენს“, – დასძინა ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა.

