ვენესუელაში პრეზიდენტ მადუროს დაკავების შემდეგ, წარმატებული სამხედრო ოპერაციით გათამამებულმა დონალდ ტრამპმა, კვირას, Air Force One-ის ბორტიდან, ახალი სამიზნეები დააანონსა. „კოლუმბიაც ძალიან ავადაა. მას მართავს ფსიქიკურად დაავადებული კაცი, რომელსაც კოკაინის წარმოება და შეერთებულ შტატებში გაყიდვა უყვარს. დამიჯერეთ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება“, – არწმუნებდა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტი. ამასთან, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოხატა გრენლანდიის მითვისების სურვილი. სად აპირებს ამერიკის პრეზიდენტი გაჩერებას? ვინ არიან მისი შემდეგი სამიზნეები?
კოლუმბია
კოლუმბია ნამდვილად არის დონალდ ტრამპის სამიზნეში. კითხვაზე, განახორციელებს თუ არა შეერთებული შტატები სამხედრო ოპერაციას ბოგოტას წინააღმდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხა: „ჩემი აზრით, ეს ცუდი არ იქნება“.
ამ მოკლე, მინიშნებებით სავსე ფრაზამ კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო წყობიდან გამოიყვანა. ის ზუსტად ისევე უარყოფს დონალდ ტრამპის მიერ მტკიცებულებების გარეშე წაყენებულ ბრალდებებს, რომ ის ნარკომოვაჭრეა, როგორც ამას ცოტა ხნის წინ ვენესუელის პრეზიდენტი აკეთებდა.
რამდენად არის მოსალოდნელი აშშ-ის კიდევ ერთი ოპერაცია ამ რეგიონში? „კოლუმბია ვენესუელასგან სრულიად განსხვავებული შემთხვევაა. ეს არ არის იგივე კონფიგურაცია“, – აცხადებს ლუვენის (ბელგია) კათოლიკური უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი, მიშელ ლიეჟუა.
„კოლუმბიის ამჟამინდელი პრეზიდენტი ნამდვილად სამართლიანი არჩევნების გზით აირჩიეს. ის უფრო დიდი სახალხო მხარდაჭერით სარგებლობს. შედარებაც კი არ შეიძლება“, – განმარტა მან.
დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან მოყოლებული, ეს ორი ლიდერი რეგულარულად უპირისპირდება ერთმანეთს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტარიფები და მიგრაციული პოლიტიკა.
გრენლანდია
უზარმაზარი არქტიკული კუნძული 57 000-იანი მოსახლეობით, რომელიც დანიის ავტონომიური ტერიტორიაა, მნიშვნელოვან და ძირითადად აუთვისებელ მინერალურ რესურსებს ფლობს და სტრატეგიული მდებარეობით გამოირჩევა. ცოტა ხნის წინ, დონალდ ტრამპმა რეგიონის მიმართ თავისი ინტერესი კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე გვჭირდება. დანია მასზე ზრუნვას ვერ შეძლებს “, – განუცხადა კვირას ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა და დაამატა: „გრენლანდიას დაახლოებით ორ თვეში მივხედავთ. მოდით, ამაზე 20 დღეში ვისაუბროთ“.
„შეერთებული შტატების მიერ მის საზღვრებს გარეთ განხორციელებულ ქმედებებსა და განზრახვებზე მსჯელობისას, ვენესუელისა და გრენლანდიის სიტუაციების შედარება არანაირად არ შეიძლება“, – გადაჭრით აღნიშნა ორშაბათს ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ.
„გრენლანდია შეერთებული შტატების მოკავშირეა, მას იცავს ნატო-ს ალიანსი, ეს კი ძალიან დიდი განსხვავებაა“, – განაცხადა ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა ევროპის აღმასრულებელი ხელისუფლების ყოველდღიურ ბრიფინგზე.
„გრენლანდია სულ სხვა რამეა. ეს არის სპეციალური სტატუსის მქონე ტერიტორია დანიის სუვერენიტეტის ქვეშ, რაც ნიშნავს, რომ ეს მოკავშირეზე თავდასხმა იქნება. თუმცა, ასეთი რამ მთლად შეუძლებელიც არ არის“, – მიიჩნევს მიშელ ლიეჟუა.
კუბა და მექსიკა
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გაამკაცრა ტონი კუბასა და მექსიკის წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს ქვეყნები, შესაძლოა, მომავალში პოტენციურ სამიზნეებად იქცნენ.
„მექსიკა არის სატრანზიტო ქვეყანა ფენტანილის ზოგიერთი სახეობისთვის, რომელიც შეერთებულ შტატებში დიდი რაოდენობით ხვდება. მაგრამ მექსიკა ასევე არის აშშ-ის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი. მექსიკას, გარკვეულ მომენტში, შესაძლოა, ამერიკელების ამა თუ იმ სახით ქმედების ეშინოდეს, მაგრამ ამისგან ჯერ შორს ვართ, რადგან დონალდ ტრამპის საერთაშორისო სტრატეგიაში უმთავრესი ეკონომიკური ასპექტებია“, – ამბობს ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის თანამედროვე ისტორიის პროფესორი და შეერთებული შტატების საკითხების სპეციალისტი, სერჟ ჟომენი.
ირანი
დაბოლოს – აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ მის 40-წლიან მტერს, ირანს, „ძალიან მძიმედ“ დაარტყამს, თუ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს დემონსტრანტებს მოკლავენ. ამ ქვეყანაში პროტესტი, თავდაპირველად, ეკონომიკური მიზეზებით დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით პოლიტიკური მოთხოვნებიც მოიცვა.
„ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. თუ ისინი ხალხის ხოცვას დაიწყებენ, როგორც ეს წარსულში გააკეთეს, ვფიქრობ, შეერთებული შტატები მათ ძალიან მძიმე დარტყმას მიაყენებს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე.
გასული წლის ივნისში, შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე საკვანძო ირანული ბირთვული ობიექტი დაბომბა. ამ თავდასხმამ ბოლო მოუღო აშშ-ირანის ორმხრივი მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ისახავდა მიზნად.
„დონალდ ტრამპს სურს გააგრძელოს ზეწოლა ირანზე, რომელიც რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ის შეეცდება, კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი ირანის დესტაბილიზაციას. მაგრამ, დასუსტების მიუხედავად, ირანი ალბათ ცოტა უკეთ შეძლებს თავის დაცვას, ვიდრე ეს ვენესუელამ მოახერხა“, – დასძინა სერჟ ჟომენმა.
https://www.rtbf.be/article/apres-le-venezuela-quelles-sont-les-cibles-de-donald-trump-11656333

