რობერტ ფიცო არის ის პოლიტიკოსი, რომელსაც განხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო ლიბერალური ფრთა კლავდა. რობერტ ფიცოს ყოველთვის და სწორად ექნება შეფასებები ევრობიუროკრატიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა თქვა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს გაცხადებაზე, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.
მაჭარაშვილის თქმით, კაია კალასი, დიდი ხანია, აღარ უნდა იყოს იმ თანამდებობაზე, სადაც არის.
„ვინც ფიცოს ესროლა, განაცხადა, რომ მას განსხვავებული პოლიტიკის გამო ესროლა. განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებას პირდაპირ კლავს დღევანდელი ლიბერალური წარმომადგენლობა. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ რობერტ ფიცოს ყოველთვის და სწორად ექნება შეფასებები ევრობიუროკრატიის წინააღმდეგ. რაც შეეხება კონკრეტულად კალასის გადადგომას, რა თქმა უნდა, დიდი ხანია, აღარ უნდა იყოს იმ თანამდებობაზე, სადაც არის. იმის შემდეგ, რაც არაერთი სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა მასთან დაკავშირებით. მან ბოდიშიც კი არ მოიხადა, ადამიანებს დააბრალა ცრუ ინფორმაცია და ა.შ. მაგრამ კალასი წავა, კალასი ორი მოვა. ეს არის მოცემულობა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, მთავარი ის არის, რომ ეს ევრობიუროკრატია აუცილებლად დასრულდება, როდესაც ევროპის სახელმწიფოების საზოგადოებები თავიანთ ეროვნულ ხელისუფლებებს აირჩევენ.
„ევრობიუროკრატიაში შემდეგ შეიცვლება ის ვითარება, რომ ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს დაუწყებენ მსახურს და არა „დიფ სთეითს“. სამწუხაროდ, დღეს ევროპულ ღირებულებად უნდათ წარმოაჩინონ თურმე ლგბტ პროპაგანდა და ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული პოლიტიკა. ჩვენ როდესაც ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს, უარს ვეუბნებით ლგბტ პროპაგანდას, ვიცავთ სუვერენიტეტს და უარს ვეუბნებით შიდა საქმეებში ჩარევაზე, ეს ყოფილა თურმე ანტიევროპული და მაშინ ევროპული რა არის? ის, რომ შენი სუვერენიტეტი სხვას გადასცე, ლგბტ პროპაგანდა გაავრცელო და ქვეყანაში ომი დაიწყო? რა თქმა უნდა, ეს ევროპული ღირებულება არ არის. ევროპული ღირებულება მშვიდობა, ეროვნული ღირებულებები და სუვერენიტეტის შენარჩუნებაა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

