რთულია სამართლებრივი კუთხით შეაფასო ის, რაც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს. არა თუ უცნაური, არამედ ძალიან არარეგულარულია ის ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მხრიდან, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, დღეს მსოფლიო ის მსოფლიო აღარ არის, რაც თუნდაც 5 წლის წინ იყო, რეალობა შეცვლილია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ როგორი სწორი მიდგომა აირჩია „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივისთვის.
„რამდენიმე ასული კილომეტრი აშორებს საქართველოს ისეთი ქვეყნებისგან, სადაც დღეს ომია გაჩაღებული შიდა გადატრიალებისა თუ უკრაინაში რუსეთთან წარმოებული ომის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში შენარჩუნება იმ სტაბილური და არაკონფრონტაციული კურსის და სცენარისა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დასახა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს იმ ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების საშუალება და სამომავლო პერსპექტივა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

