პირველ რიგში მოლდოველი ხალხის გადასაწყვეტია, როგორი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეთ მათ, როგორი მიმართულებით წაიყვანენ საკუთარ ქვეყანას, თუმცა ერთი რამ არის ფაქტი, მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც არის სახელმწიფოს არსებობისთვის და ამას ჰქვია სუვერენიტეტი, ამ შემთხვევაში მეორე პლანზეა გადაწეული, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, უცნაურია, როდესაც ქვეყნის პირველი პირი საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტთან დაკავშირებით ისეთ განცხადებას აკეთებს, როგორიც მაია სანდუსგან იყო გამოთქმული.
„მოლდოვის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ხედავს, არა როგორც დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას, არამედ სხვა ქვეყნის შემადგენლობაში. კიდევ ერთხელ, მოლდოველი ხალხის გადასაწყვეტია, როგორ წაიყვანენ საკუთარ ქვეყანას, ჩვენ ვიცით ერთი რამ – საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, ქართველ ხალხს სურს, ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული. სწორედ ამიტომ აკეთებს ქართველი ხალხი იმ არჩევანს, რასაც აკეთებს. ეს არჩევანი არის სწორედ იმის დასტური, რომ ქართველ ხალხს ჰყოფნის სიბრძნე, ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც განამტკიცებს ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

