ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და ფაქტს ტერორიზმი უწოდა.
როგორც ბენ-გვირმა დაწერა, ტერორიზმი ეშმაკია, რომელთანაც შეთანხმება არ უნდა შედგეს. ერთადერთი გამონაკლისი მისი დამარცხება და დედამიწის პირისაგან აღგვაა.
„მადლობა სამყაროს შემოქმედს და გმირ მგზავრებს, თუმცა ისრაელის უსაფრთხოების დოქტრინა ახალ დონეზე უნდა გადავიდეს! ისრაელმა ბოლო 2,5 წელიწადის განმავლობაში შესანიშნავად იმუშავა, თუმცა გაჩერება არ შეიძლება და უნდა გავაგრძელოთ მანამ, სანამ ირანში, ლიბანში, ღაზასა და იუდეასა და სამარიაში სრულ გამარჯვებას არ მივაღწევთ.
გულუბრყვილო შეხედულებამ, თითქოს ჩვენს მტრებს სიცოცხლე ადარდებთ და ჩვენ მათ მიმართ გულმოწყალება უნდა გამოვიჩინოთ, დღეს დილით კიდევ ერთხელ მიიღო პასუხი ტერორისტის სახით, რომელიც თვითმფრინავის ჩამოგდებას და ბორტზე მყოფი 180 ისრაელელის მკვლელობას გეგმავდა.
ტერორიზმი ეშმაკია, რომელთანაც შეთანხმება არ უნდა შედგეს. ერთადერთი გამონაკლისი მისი დამარცხება და დედამიწის პირისაგან აღგვაა“, – დაწერა ებრაელმა მინისტრმა.
ცნობისთვის, დღეს დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა ავიაკომპანია Fly Dubai-ს თვითმფრინავმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალი აამოქმედა და საუდის არაბეთის თავზე ფრენისას კურსი შეცვალა. თვითმფრინავმა თავდაპირველად საერთაშორისო საგანგებო სიგნალი კოდით 7700 გააგზავნა. მოგვიანებით კი კოდი 7500 გადასცა, რაც თვითმფრინავის გატაცებას ან სხვა სახის უკანონო ჩარევას ნიშნავს. მოგვიანებით თვითმფრინავი საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დაეშვა.
