საბოლოოდ დადასტურდა, რომ შავ ზღვაში უცნობი დრონებით სამ ბერძნულ ტანკერს დაესხნენ თავს. ინციდენტი დღეს, 14 იანვარს მოხდა, როცა გემები ნოვოროსიისკთან ახლოს, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალთან ღუზაზე იდგნენ და ნედლი ნავთობით დატვირთვას ელოდებოდნენ.
ბერძნული საზღვაო უსაფრთხოებისა და რისკების მართვის კომპანია „დიაპლოუსის“ცნობით, ამ დროისთვის ინციდენტში მონაწილეობაზე ყველაზე მეტი დადასტურებული მტკიცებულება არსებობს სამ ტანკერზე. ესენია: „მატილდა“, „დელტა ჰარმონი“ და „დელტა სუპრიმი“.
ამასთან, დადასტურებული დარტყმების სიაში აღარ შედის მეოთხე გემი FREUD-ი, რომელიც კომპანია „თი ემ ეს ტანკერსს“ ეკუთვნის.
გავრცელებული ინფორმაციით, მალტის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ „მატილდას“ (IMO 9407457), რომლის ოპერატორი კომპანია „თენამარისია“, დარტყმა მაშინ მიაყენეს, როცა ის მოცდის ზონაში ღუზაზე იდგა.
სტატიის მომზადების მომენტისთვის, ზარალის მოცულობის შესახებ ოფიციალური შეფასება არ გასაჯაროებულა.
ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ „დელტა ჰარმონისაც“ (IMO 9408463), რომელსაც „დელტა ტანკერსი“ მართავს, სავარაუდოდ, დრონებით დაესხნენ თავს. ვრცელდება ინფორმაცია ხანძრის შესახებ, რომელიც მყისიერად ჩააქრეს, რამაც გემს კურსის გაგრძელების საშუალება მისცა. ზიანის, მსხვერპლის ან გარემოს დაბინძურების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ცნობები არც ამ შემთხვევაში არსებობს.
მესამე დაზიანებულ ტანკერად სახელდება „დელტა სუპრიმი“ (IMO 9585895), რომელსაც „დელტა ტანკერსი“ მართავს.
ამ შემთხვევაშიც, დრონის ტიპის, დარტყმის ადგილისა და ზიანის ხარისხის შესახებ დეტალები დაუზუსტებელი რჩება.
სამივე შემთხვევაში, საერთო მახასიათებელი ინფორმაციის სერიოზული ნაკლებობაა: გაურკვეველია, იყო ეს საჰაერო დრონი (UAV), საზღვაო დრონი (USV) თუ მათი კომბინაცია; ასევე უცნობია, ჩაერთნენ თუ არა ბუქსირები, მოხდა თუ არა სადგომების შეცვლა ან კომპეტენტური ორგანოების მიერ გემების დატვირთვის შეჩერება.
თავდასხმები რეგიონის ენერგომომარაგების კუთხით მეტად სენსიტიურ დროს განხორციელდა.
იანვრის დასაწყისში, ყაზახური ნავთობის წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო აშშ-ის უმსხვილეს ნავთობკომპანიებს სერიოზული სირთულეები ექმნებათ რუსული ინფრასტრუქტურის გავლით ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებისას. ამის მიზეზი ზამთრის შტორმები და კრიტიკულ ობიექტებზე უკრაინული დრონების მიერ ადრე განხორციელებული თავდასხმების შედეგად მიღებული დაზიანებებია.
საზღვაო აგენტები აცხადებენ, რომ შავ ზღვაში მსგავსი ინციდენტების ესკალაციამ, შესაძლოა, გამოიწვიოს როგორც გადაზიდვის ტარიფების, ისე სადაზღვევო პრემიების ზრდა იმ გემებისთვის, რომლებიც რუსულ ტერმინალებში იტვირთება. ამ ტერმინალებზე მსოფლიო ნედლი ნავთობის წარმოების 2%-ზე მეტი გადის.
შექმნილი სურათი უკვე აღარ ჰგავს იზოლირებულ ინციდენტს, არამედ წარმოადგენს სახიფათო „ახალ რეალობას“, შავ ზღვაში ნაოსნობისა და ენერგოუსაფრთხოების კუთხით.
Τρία τα δεξαμενόπλοια ελληνικών συμφερόντων που χτυπήθηκαν από drones στη Μαύρη Θάλασσα

