„საერთაშორისო გამჭვირვალობა – ლიეტუვის“ ინფორმაციით, გასულ წელს ლიეტუვაში არსებული 806 მედიასაშუალებიდან 109-ს პოლიტიკოსები და მათი მეუღლეები ფლობდნენ.
მედიის მონიტორინგის განახლებულ ვებ-გვერდ stirna.info-ზე გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2025 წელს მედიის მფლობელობასთან კავშირი ჰქონდა პარლამენტის ორ წევრს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცხრა წევრსა და 36 ყოფილ პოლიტიკოსს. მედიის შვიდი მფლობელი პოლიტიკოსის მეუღლე იყო.
„მიმოხილვის მიზანია, მეტი სიცხადე შევიტანოთ იმაში, თუ ვინ დგას იმ მედიასაშუალებების უკან, რომლებსაც ყველა მოვიხმართ და ჩვენს რჩეულ საინფორმაციო წყაროდ მივიჩნევთ“, – განაცხადა ხუთშაბათს „ლატვიის საზოგადოებრივ რადიოსთან“ (LRT RADIO) საუბრისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – ლიეტუვის“ ხელმძღვანელმა, ინგრიდა კალინაუსკიენემ.
მედიასაშუალებების ყველაზე დიდი რაოდენობა გასულ წელს „ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლების საკუთრებაში იყო – ცხრა პირი 18 საშუალებას აკონტროლებდა; მას მოსდევს „სამშობლოს კავშირი – ლიეტუველი ქრისტიან-დემოკრატები“, რომლის ხუთი წარმომადგენელიც 14 მედიასაშუალებას ფლობდა. „ერისა და სამართლიანობის კავშირის“ (ცენტრისტები და ნაციონალისტები) წევრები, ხუთი ფიზიკური პირის მეშვეობით, 13 საშუალებას ფლობდნენ, ხოლო „ლიბერალური მოძრაობის“ ხუთ წარმომადგენელს საკუთრებაში რვა მედიასაშუალება ჰქონდა.
პოლიტიკოსთა წილები მედიაკომპანიებში 0.01%-იდან 100%-მდე მერყეობდა. პოლიტიკოსების ან მათი ოჯახების საკუთრებაში არსებული მედიასაშუალებების დაახლოებით ორი მესამედი რეგიონული ან ადგილობრივი იყო.
2021 წელს 68 პოლიტიკოსი, საჯარო მოხელე ან მათი მეუღლე 129 მედიასაშუალებას ფლობდა, რაც, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით ერთი მეხუთედით მეტია. ამავე პერიოდში (2021-2025 წლები), ლიეტუვაში მედიასაშუალებების საერთო რაოდენობა დაახლოებით ერთი მეოთხედით, 1 064-დან 806-მდე შემცირდა.
https://www.lrt.lt/en/news-in-english/19/2807087/politicians-spouses-owned-109-media-outlets-in-lithuania-last-year-watchdog-says

