გერმანული კომპანია „ფეპსი“, რომელიც თავდაცვის, ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სფეროში საქმიანობს, ლიეტუვაში დისლოცირებული გერმანელი ჯარისკაცებისთვის 4 000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომლის სახელიც „გერმანული სოფელი“ იქნება.
„ფეპს-ლიეტუვის“ მმართველმა პარტნიორმა, რაშიდ აიშიმ საინფორმაციო სააგენტო „ბალტიკ ნიუს სერვისს“ (BNS) განუცხადა, რომ პროექტის ზუსტი ადგილი ჯერ შერჩეული არ არის. კომპანია ასეთ ადგილად მოიაზრებს ვილნიუსსა და რუდნინკაის სამხედრო ბაზას შორის არსებულ ტერიტორიას, ასევე რუკლას მიმდებარე მიწებს იონავას რაიონში, „პროექტის მიხედვით, დამოუკიდებელი საცხოვრებელ კომპლექსს ექნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა და გამწვანება […] საცხოვრებელი ფართები, უპირველეს ყოვლისა, გერმანელი ჯარისკაცებისთვის აშენდება, მაგრამ ასევე ხელმისაწვდომი იქნება ყველა სხვა დაინტერესებული მხარისთვის“, – განუცხადა მან BNS-ს. აიშის თქმით, პროექტის ღირებულებამ, შესაძლოა, რამდენიმე ასეული მილიონი ევრო შეადგინოს. კითხვაზე, თუ ვინ დაუკვეთა პროექტი, მან უპასუხა, რომ ეს კერძო ინიციატივაა. პროექტი მოიცავს ბინებს, კოტეჯებსა და ოფიცრების რეზიდენციებს. „საცხოვრებელი ფართები დაპროექტდა გერმანული სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც საზღვარგარეთ დისლოცირებულ ჯარისკაცებსა და მათი ოჯახის წევრებზე ვრცელდება. პერსონალის პირადი მდგომარეობიდან გამომდებარე – მარტოხელა, დაოჯახებული შვილების გარეშე, დაოჯახებული შვილებით, სამხედრო წოდება და ა.შ. – თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, ცხოვრების გარკვეულ პირობების შექმნა მოითხოვოს“, – დასძინა მან. აიშის თქმით, პროექტი ეტაპობრივად დაიხვეწება, პირველი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა კი, შესაძლოა, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყოს. ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტმა BNS-ს დაუდასტურა, რომ გასული წლის დეკემბერში გაიმართა შეხვედრა „ფეპს-ლიეტუვის“ წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც კომპანიას პროექტის სრულყოფის წინადადებები წარედგინა.
„ინვესტორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების ვადები. […] კერძო ნაკვეთების შეძენა მათ საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილონ სახელმწიფო მიწის იჯარით აღების ან შესყიდვის ხანგრძლივი პროცედურები და მშენებლობის დაწყებამდე დარჩენილი დრო მნიშვნელოვნად შეამცირონ “, – განაცხადეს მუნიციპალიტეტში. BNS-ის წყაროების თანახმად, ვილნიუსის მუნიციპალიტეტმა „ფეპსის“წარმომადგენლებს შესთავაზა ექვსი საცხოვრებელი კორპუსის აშენება პაგირიაის დასახლებაში. თუმცა, ეს ტერიტორია, გერმანელი ჯარისკაცებისთვის დაგეგმილი საცხოვრებელი პროექტისთვის, სავარაუდოდ, ძალიან მცირე იქნება.

2027 წლის ბოლომდე ბერლინი ლიეტუვაში 4 000-დან 5 000-მდე ჯარისკაცისგან შემდგარი ბრიგადის განლაგებას გეგმავს. ბრიგადის უდიდესი ნაწილი რუდნინკაის პოლიგონზე განთავსდება, ხოლო რუკლაში გერმანია საინჟინრო და სადაზვერვო ქვედანაყოფების განთავსება ივარაუდება. რუდნინკაის ბაზას, გერმანული ბრიგადის მისაღებად, ლიეტუვა ამჟამად აშენებს. მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობსა და მისი პირველი ნაწილი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. მეორე ეტაპი სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობით განხორციელდება და სამ ნაწილად იქნება დაყოფილი. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო გამარჯვებულ კონტრაქტორებთან ხელშეკრულებების გაფორმებას უახლოეს მომავალში გეგმავს.
„ფეპსი“ გერმანიაში 1996 წელს დაარსდა და ლიეტუვაში 2017 წლიდან ოპერირებს. კომპანიამ რუკლას პოლიგონზე უკვე ააშენა სასროლეთი, ტაქტიკური მართვის ტრასები ავტომობილებისა და მოტოციკლებისთვის, ასევე ტერიტორია ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოსაცდელად. ის ასევე არის შიაულიაის სამხედრო აეროპორტის ტერმინალის პროექტის მთავარი კონტრაქტორი. თითქმის 5 500 კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსებული სამხედრო ობიექტი შიაულიაის ავიაბაზაზე ჩამსვლელ და იქიდან მიმავალ პერსონალს მოემსახურება და ხელს შეუწყობს სხვადასხვა სამხედრო ტვირთის ტრანსპორტირებას. ტერმინალის მშენებლობა მიმდინარე წლის დასაწყისში უნდა დასრულდეს.
https://www.lrt.lt/en/news-in-english/19/2806270/germany-s-feps-to-build-4-000-apartments-for-german-soldiers-in-lithuania
