პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით. ოფიციალური ვარშავა გრენლანდიაში ჯარებს არ გააგზავნის. ამ გადაწყვეტილების მიზანია ნატო-ს ერთიანობის შენარჩუნება იმ მზარდი დაძაბულობის ფონზე, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან და მინერალებით მდიდარ არქტიკულ კუნძულზე აშშ-ის კონტროლის დამყარების მცდელობას უკავშირდება.
„პოლონეთს ალიანსის ერთიანობის შენარჩუნება სურს“, – განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც მან თავის ლიეტუველ კოლეგასთან, რობერტას კაუნასთან ერთად გამართა.
„არ არსებობს ნატო შეერთებული შტატების გარეშე და არ არსებობს აშშ-ის ძლიერება ნატოს გარეშე. ჩვენი მოვალეობაა, გავერთინდეთ“, – დასძინა მან.
ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის შვედეთმა, ნორვეგიამ, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, საფრანგეთმა და ფინეთმა, ამ კვირაში გრენლანდიაში მცირე სამხედრო კონტინგენტი გააგზავნეს, რათა მონაწილეობა მიიღონ მრავალეროვნულ წვრთნებში სახელწოდებით, „ოპერაცია არქტიკული გამძლეობა“, რომელიც შაბათამდე გაგრძელდება.
გრენლანდიაში ამ ძალების განლაგება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელნა განცხადებებმა განაპირობა. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონს შესაძლოა არჩევანის გაკეთება მოუწიოს ნატო-სა და გრენლანდიის გადაბირებას შორის, რომლის ტერიტორიასაც ფორმალურად დანია აკონტროლებს.
შექმნილი ვითარების კომენტირებისას, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა 15 იანვარს განაცხადა, რომ პოლონეთი გრენლანდიაზე ევროპული სამხედრო ძალების განლაგების პროცესს არ შეუერთდება.
პოლონეთი „ყველაფერს გააკეთებს ნატო-ში განხეთქილების თავიდან ასაცილებლად“
ზოგიერთი პოლონელი სამხედრო ფიგურის, მათ შორის გადამდგარი გენერლის, რომან პოლკოს კრიტიკის საპასუხოდ, რომელმაც პოლონეთის პოზიციას „სილაჩრე“ უწოდა, კოსინიაკ-კამიშმა ოფიციალური ვარშავის გადაწყვეტილება სტრატეგიული მოსაზრებების მოშველიებით დაიცვა.
მან აღნიშნა, რომ პოლონეთი გააგრძელებს გრენლანდიაზე დანიის სუვერენიტეტის მხარდაჭერას და მოუწოდებს მხარეებს, საკითხი ვაშინგტონთან დიპლომატიური გზით მოაგვარონ.
„ემოციური რეაქციების საჭიროება არ არსებობს. პოლონეთი გააგრძელებს მოკავშირეებთან ურთიერთობების მხარდაჭერას და ყველაფერს გააკეთებს ნატო-ში განხეთქილების თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
მისმა ლიეტუველმა კოლეგა კაუნასმა, რომელიც პოლონეთის პოზიციას იზიარებს, იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს წევრებს შორის კომპრომისის მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
ამასობაში, ოთხშაბათს ვაშინგტონში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მხარეთა პოზიციებში ცვლილების გარეშე დასრულდა.
თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა, კაროლინ ლევიტმა აღნიშნა, რომ კუნძულზე ევროპული სამხედრო ძალების ყოფნა ტრამპის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ადმინისტრაციის განზრახვა, კონტროლი დაამყაროს გრენლანდიაზე.
თავის მხრივ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარცინ ბოსაცკიმ პარასკევს ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს დანიის ტერიტორიულ სუვერენიტეტს, თუმცა „პოლონეთისა და მთლიანად ევროპის ინტერესებშია შეერთებულ შტატებსა და დანიას შორის კონფლიქტის შერბილება და არა ცეცხლზე ნავთის დასხმა“.
https://www.polskieradio.pl/395/7784/Artykul/3634939
