გასული წლის ოქტომბერში, ქურდები ლუვრის მუზეუმში დღისით-მზისით შეიჭრნენ და რვა წუთზე ნაკლებ დროში იქიდან 102 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულებით გაიქცნენ. ამ თავხედური გაძარცვიდან სამი თვის შემდეგ, ოთხი ეჭვმიტანილი პატიმრობაშია და სასამართლოს ელოდება, თუმცა სამკაულები ჯერ არსად ჩანს. აი, რა არის დღეისთვის ცნობილი.
ოთხი დაკავებული
ოცდაათ წლამდე ასაკის ოთხი მამაკაცი, რომლებიც ოქტომბერსა და ნოემბერში დააკავეს, ეჭვმიტანილები არიან იმ ჯგუფის წევრობაში, რომელმაც 2025 წლის 19 ოქტომბერს ქურდობა ჩაიდინა. დაკავებულ ეჭვმიტანილთა შორის არის ტაქსის არალიცენზირებული მძღოლი, აბდულაი ნ., რომელსაც ამ თვეში 40 წელი უსრულდება და რომელიც მანამდე სოციალურ ქსელებში მოტოციკლით შესრულებული ტრიუკებით იწონებდა თავს. მეორეა 35 წლის ალჟირელი, რომელიც ოქტომბერში დააკავეს, როდესაც პარიზიდან გაფრენისთვის ემზადებოდა. 37 წლის მესამე ეჭვმიტანილი, აბდულაი ნ.-სთან ერთად, წარსულში სხვა ქურდობაშიც მონაწილეობდა, ხოლო მეოთხე დაკავებული, რომელიც 38 წლისაა, პარიზის იმავე გარეუბნიდანაა, საიდანაც დანარჩენი სამი.
პარიზის მთავარი პროკურორის, ლორა ბეკოს თქმით, მაგისტრატმა გამომძიებლებმა მათი დაკითხვა ამ თვეში დაიწყეს, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვან კვალზე ჯერ ვერ გავიდნენ. მეხუთე ეჭვმიტანილს – 38 წლის ქალს, რომელიც მესამე ეჭვმიტანილის პარტნიორია – ბრალი თანამონაწილეობაში წაუყენეს, თუმცა ის სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ზედამხედველობის ქვეშ გაათავისუფლეს.
„კარგად მომზადებული ძარცვა“
ბეკოს განცხადებით, ძარცვა „კარგად იყო მომზადებული“. მძარცველები მუზეუმში შეიჭრნენ კვირა დღეს, დილით ადრე, როდესაც „ყველაფერი მიწყნარებულია“. მანამდე, მათ მოიპარეს ავეჯის გადამზიდი სატვირთო მანქანა გასაშლელი კიბით, რათა პირველი სართულის გალერეამდე მიეღწიათ, სადაც საფრანგეთის სამეფო სამკაულები ინახება. გამოძიების თანახმად, მას შემდეგ, რაც სატვირთო მანქანა ქვევით გააჩერეს, ორმა ქურდმა, კიბის მეშვეობით, ზემოთ აიწია. სანამ დანარჩენი ორი ქვევით ელოდებოდა, მათ ფანჯარა ჩაამტვრიეს და შუშის ვიტრინების გასაჭრელად, სადაც საგანძური ინახებოდა, ელექტრო-ხერხები გამოიყენეს.
შემდეგ ისინი, ნაძარცვთან ერთად, ქვევით ჩამოვიდნენ და ოთხივე დიდი სიმძლავრის მქონე მოტოროლერებით გაიქცა, მაგრამ სიჩქარეში ალმასისა და ზურმუხტის გვირგვინი დაუვარდათ. თუმცა, სხვა რვა ნივთი – მათ შორის, ზურმუხტისა და ალმასის ყელსაბამი, რომელიც ნაპოლეონ I-მა თავის მეორე მეუღლეს, დედოფალ მარი-ლუიზას აჩუქა – კვლავ დაკარგულია.
დნმ-ის ნიმუშები
ბეკოს განმარტებით, მძარცველებმა, გაქცევისას, „შესაძლოა, გარკვეული სტრესი იგრძნეს, რადგან გააცნობიერეს, რასაც აკეთებდნენ და სამკაულები დაუვარდათ, რომლებიც, დნმ-ის კვალთან ერთად, ადგილზე დატოვეს“. პირველი ეჭვმიტანილი – მოტო-ტრიუკების შემსრულებელი – მას შემდეგ იქნა იდენტიფიცირებული, რაც ჩამტვრეულ მინასა და ადგილზე მიტოვებულ ნივთებზე მისი დნმ იპოვეს, ხოლო მეორე მძარცველმა გენეტიკური კვალი, გაქცევისას, მოტოროლერზე დატოვა. მესამე ეჭვმიტანილს და მის პარტნიორ ქალს დნმ-ის კვალი ავეჯის ლიფტზე დარჩათ. შემდგომი გამოძიების და გადამოწმების შედეგად მოხერხდა მეოთხე პირის დაკავება, რომელმაც სატვირთო მანქანა მუზეუმის გალერეის ქვეშ გააჩერა.
„უნიათოები ნამდვილად არ არიან“
ზოგიერთმა ექსპერტმა მძარცველები, შესაძლოა, დილეტანტებადაც კი მონათლა, მაგრამ გამოძიების მიმდინარეობაში „ჩახედულმა“ წყარომ აღნიშნა, რომ „ისინი უნიათოები ნამდვილად არ არიან“. „ძარცვის წინ, მათ თავიანთი მოტოროლერები და აღჭურვილობა სადგომებში მოათავსეს და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა გათიშეს“, – განუცხადა წყარომ საინფორმაციო სააგენტი „ფრანს პრესს“ ანონიმურობის პირობით, რადგან მას გამოძიების დეტალების გამჟღავნების უფლება არ ჰქონდა. სამუშაო ფორმასა და ნაკლებად თვალშისაცემ ჟილეტებში გამოწყობილმა ეჭვმიტანილებმა, ძარცვას სულ რაღაც რვა წუთი მოანდომეს.
წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც მოტოროლერები ფურგონით შეცვალეს, ისინი გარეუბნებისკენ გაემართა, „რათა გამომძიებლებისთვის კვალი აერიათ იმ ტერიტორიაზე შესვლით, რომელიც კამერებით არ იფარება“. „ამის შემდეგ მათ ერთმანეთისთვის აღარ დაურეკავთ და თავიანთ ცხოვრებას დაუბრუნდნენ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა“, – დასძინა წყარომ. როდესაც „ფრანს პრესი“ დაუკავშირდათ, ეჭვმიტანილების ადვოკატებს დაუყოვნებლივი პასუხი არ გაუციათ და კომენტარზე უარი თქვეს.
სუსტი უსაფრთხოება
გასულ თვეში კულტურის სამინისტროს მიერ ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ ლუვრში არსებულმა სუსტმა უსაფრთხოებამ მძარცველებს გაქცევა გაუადვილა, მიუხედავად იმისა, რომ მათ უსაფრთხოების ძალებს მხოლოდ 30 წამით გაასწრეს. იმ ტერიტორიაზე, სადაც მძარცველები გაქცევის შემდეგ შევიდნენ, უსაფრთხოების ორი კამერიდან მხოლოდ ერთი მუშაობდა, ხოლო უსაფრთხოების კონტროლის ოთახში აგენტებს არ ჰქონდათ საკმარისი ეკრანები რეალურ დროში გამოსახულებებისთვის თვალის სადევნებლად.
დაკარგული სამკაულები
ბეკოს თქმით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეუკვეთა თუ არა ძარცვა მესამე მხარემ, ასევე უცნობია, სად შეიძლება იყოს გატაცებული სამკაულები. ბეკოს განცხადებით, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ მოპარულმა საგანძურმა საფრანგეთის საზღვარი გადაკვეთა. ამასთან, ფრანგ სამართალდამცავებს მუდმივი კონტაქტები აქვთ საზღვარგარეთ, რათა მიიღონ სიგნალი, თუ რაიმე საეჭვო გამოჩნდება.
https://www.afp.com/en/agency/our-commitments/afp-charters
