პოლონეთში მთავრობასა და პრეზიდენტს შორის დაძაბულობა იზრდება. სულ ახლახან, ამ კვირაში, სახელმწიფოს მეთაურმა ახალ საბიუჯეტო პროექტს, მართალია, ხელი მოაწერა, მაგრამ მაშინვე საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნა. პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ მთავრობის გეგმები არაერთხელ დაბლოკა და თანამდებობის დაკავების შემდეგ ვეტო 23-ჯერ გამოიყენა.
ნავროცკიმ ასევე შეაჩერა მთავრობის ინიციატივა, ეროვნულ პარკად გამოცხადებულიყო ქვემო ოდრას რეგიონი, რომელსაც „პოლონურ ამაზონსაც“ უწოდებენ. არადა, 40 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორია, სადაც 230-ზე მეტი სახეობის ფრინველი და ათობით სახეობის თევზი ბინადრობს, ასევე ასობით სხვადასხვა ჯიშის მცენარე იზრდება, შესაძლოა, გამხდარიყო პირველი ნაკრძალი პოლონეთში, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში შეიქმნა. თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა – პოლონეთმა არ მიბაძა გერმანიას, რომლის უმეტეს ნაწილში ბუნების დაცვის უმაღლესი სტანდარტებია დაწესებული.
„ერთ-ერთ მუნიციპალიტეტს ეჭვები გაუჩნდა და ეროვნული პარკის შექმნის წინააღმდეგ მისცა ხმა. მისი არგუმენტები ადგილობრივ განვითარებას უკავშირდებოდა და ვფიქრობ, ამან უფრო დიდი საქმე დააზიანა“, – ამბობს დასავლეთ პომერანიის ლანდშაფტური პარკების ასოციაციის დირექტორი, იგორ შაკოვსკი.
ძლიერი ვეტო
პრეზიდენტის თქმით, ეროვნული პარკის შექმნა მთელი რეგიონის ეკონომიკურ საქმიანობას შეზღუდავდა. შჩეცინის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი, მარიუშ სიკორა მიიჩნევს, რომ ჩიხური სიტუაცია შეიქმნა. „ეროვნული პარკის შექმნის იდეა პრეზიდენტის ვეტოთი დასრულდა, რაც მისი გადაწყვეტილება, ნება და უფლებაა“, – ამბობს სიკორა.
ექვს თვეში ნავროცკიმ უკვე მოახერხა იმაზე მეტი წინადადების დაბლოკვა, ვიდრე მისმა წინამორბედმა ათ წელიწადში. მან, კერძოდ, შეაჩერა ციფრული სერვისების შესახებ ევროკავშირის რეგულაციის შემოღება, კრიპტოვალუტების რეგულირების მცდელობები და ძაღლების დაბმის აკრძალვა.
„თუ მთავრობა კარგად მუშაობს, მე მის გადაწყვეტილებას ვეტოს არ დავადებ. მაგრამ როდესაც ის ცუდ კანონს გვთავაზობს, ვეტო აუცილებელია“, – განმარტავს ნავროცკი. ვეტო პოლონეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი უფლებამოსილებაა. მის დასაძლევად მთავრობას პარლამენტში 3/5-იანი უმრავლესობა სჭირდება, რომელიც ტუსკის პოლოტიკურ გუნდს არ გააჩნია.
https://ct24.ceskatelevize.cz/clanek/svet/napeti-mezi-vladou-a-prezidentem-v-polsku-roste-nawrocki-vyuziva-prava-veta-369523
