ავსტრიის დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის საქმეზე, სასამართლოს წინაშე წარდგება
ავსტრიის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი 22 იანვარს სასამართლოს წინაშე წარდგება. მას წლების განმავლობაში რუსეთისთვის საიდუმლო მოწყობილობების გადაცემა და საიდუმლო ინფორმაციის მიყიდვა ედება ბრალად. ეს საქმე 2024 წელს გახმაურდა და მასში ყოფილი აგენტი, ეგისტო ოტი ფიგურირებს. 63 წლის ოტს ბრალდებების მთელი სერია აქვს წაყენებული, მათ შორის – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, კორუფცია და ავსტრიის საზიანოდ ჯაშუშობა. ყოფილი აგენტი ბრალდებებს უარყოფს. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ მიერ მოპოვებული საბრალდებო დასკვნის თანახმად, თავისი ქმედებებით ოტმა პარტნიორ სადაზვერვო სამსახურებს შორის ავსტრიის რეპუტაცია „სერიოზული ზიანის“ რისკის ქვეშ დააყენა.
„მკვლელობების სახელმძღვანელო“
პროკურორების განცხადებით, ინფორმაციის მოსაპოვებლად, ოტი, სავარაუდოდ, „ევროპულ მონაცემთა ბაზებს“ იყენებდა და „დახმარების თხოვნით“ იტალიასა და ბრიტანეთს მიმართავდა, რის შედეგადაც ეს ქვეყნები, „მოსკოვის ინტერესების სასარგებლოდ, გაუაზრებლად მოქმედებდნენ“. პროკურატურა ოტს ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების საკონტაქტო მობილური ტელეფონების მოსკოვისთვის გადაცემაშიც ადანაშაულებს. ამან კრემლს ათასობით კონტაქტზე გაუხსნა წვდომა და ავსტრიაში მცხოვრებ უკრაინელ და ჩეჩენ ლტოლვილებს შეუქმნა საფრთხე. ოტს ასევე ბრალად ედება რუსული სპეცსამსახურებისთვის დაშიფრული ლეპტოპის გადაცემა, რომელიც შეიცავდა „უსაფრთხო კომუნიკაციისთვის განკუთვნილ ელექტრონულ აპარატურას“.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, გერმანული კომპანიის მიერ შექმნილი ლეპტოპი ФСБ-ს გადაეცა, შემდგომ კი ირანში გაიყიდა. ავსტრიის ხელისუფლების მტკიცებით, მონაცემთა ბაზებზე წვდომის გამოყენებით, ოტმა შეძლო გაეცა ინფორმაცია იმ პირებზე, რომლებიც „შურისძიების რისკის ქვეშ“ იმყოფებოდნენ, მათ შორის – საზღვარგარეთ მიმალულ ყოფილ ჯაშუშზე. გამომძიებლებმა ასევე იპოვეს დოკუმენტი, რომელიც ოტმა, სავარაუდოდ, მას შემდეგ შეადგინა, რაც 2019 წელს მოსკოვის მიერ ბერლინში გაგზავნილმა აგენტმა ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე მოკლა. პროკურორებმა ამ დოკუმენტს უწოდეს „ინსტრუქცია მომავალში ევროკავშირის ტერიტორიაზე მკვლელობების შეუფერხებლად და წარმატებით განხორციელებისთვის“.
დიდი ხნის განმავლობაში, ავსტრია საკუთარ თავს მოიაზრებდა ხიდად მოსკოვსა და დასავლეთს შორის, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყანა ბოლო წლებში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის რამდენიმე სკანდალმა შეძრა. ოტს 2017 წელს, ჯაშუშობის ბრალდებების გამო, ავსტრიის სპეცსამსახურებში უფლებამოსილება შეუჩერდა და 2021 წელს ის, ამავე ბრალდებების საფუძველზე, ხანმოკლე დროით დააკავეს. 2024 წელს ოტი, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსისთვის ინფორმაციის სავარაუდო გადაცემის გამო, სახელმწიფო საიდუმლოების დარღვევისთვის გასამართლდა. 2025 წელს ის ამ ბრალდებებში გამართლდა.
https://www.afp.com/en/agency/our-commitments/afp-charters
