ირალნდიის იუსტიციის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ 25 იანვარს, შუადღისას, დუბლინის აეროპორტიდან პოლონეთის და ლიეტუვის 33 მოქალაქის დეპორტირება განხორციელდა.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა გაძევებულ პირს, სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
გაძევებულთაგან 31 კაცია, ხოლო 2 – ქალი. მათი ასაკი 20-დან 60 წლამდე მერყეობს.
ეროვნული პოლიციის წარმომადგენილის თქმით, ირლანდიიდან გაძევებულთაგან 20 პირი სასჯელს ქვეყნის საპატიმრო დაწესებულებაში იხდიდა.
გარდაის (ირლანდიის პოლიცია – რედ.) ინფორმაციით, ცამეტი სხვა პირი ციხეში უშუალოდ დეპორტირების წინ მოათავსეს.
სისხლის სამართლის დანაშაულები, რომლებიც 25 იანვარს ირლანდიიდან გაძევებულმა პირებმა ჩაიდინეს, სხვადასხვა სიმძიმისაა: ის გამოიხატებოდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში, დაზღვევის გარეშე ავტომობილის მართვაში, სექსუალურ ძალადობაში, ნარკოტიკულ და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობაში.

პოლონეთისა და ლიეტუვის მოქალაქეებს, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ქვეშევრდომებს, უფლება აქვთ, ირლანდიაში თავისუფალი გადაადგილების დირექტივის საფუძველზე იცხოვრონ.
თუმცა, ამავე დირექტივის თანახმად, ირლანდიის იუსტიციის მინისტრს შეუძლია გასცეს ბრძანება ევროკავშირის იმ მოქალაქეების ან მათი ოჯახის წევრის გაძევებისა და ქვეყანაში დაშვების აკრძალვის შესახებ, „რომლებიც საჯარო წესრიგისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენენ “, – აცხადებენ დეპარტამენტში.
„ეს ბრძანებები შეიძლება გაიცეს იმის საფუძველზე, რომ პირის პირადი ქცევა წარმოადგენს რეალურ და საკმარისად სერიოზულ საფრთხეს, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოების ფუნდამენტურ ინტერესებზე“, – განმარტავს იუსტიციის დეპარტამენტი.
25 იანვარს, სანამ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გაემგზავრებოდა, ჩარტერული რეისი დუბლინის აეროპორტიდან პოლონეთში გაფრინდა და ვარშავაში დაეშვა.
ჩარტერული რეისის ღირებულებამ 122 000 ევრო შეადგინა და მისი გადახდა ირლანდიის სახელმწიფომ უზრუნველყო.
33 დეპორტირებულს თან ახლდნენ გარდას თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, ორი თარჯიმანი და ადამიანის უფლებათა დამცველი.
თუმცა, არ გასაჯაროებულა ღირებულება, რომელიც თანმხლები პერსონალის მგზავრობას უკავშირდება.
ირლანდიის იუსტიციის მინისტრმა, ჯიმ ო’კალაჰანმა აღნიშნა, რომ გადაადგილების თავისუფლება არის „ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური უფლება და თავისუფლება, რომელიც ევროპის მოქალაქეებს აქვთ მინიჭებული“.
„გადაადგილების თავისუფლების უფლების შეზღუდვას მე ადვილად არ ვაწესებ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც პირის ქცევა გვაიძულებს, მივიღოთ ზომები, რომ მან ვეღარ ისარგებლოს ამ პრივილეგიით. ამასთან, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ირლანდიაში მცხოვრები პოლონელი და ლიეტუველი მოქალაქეების უმრავლესობა პატივს სცემს ჩვენს კანონებს და პოზიტიური წვლილი შეაქვთ ქვეყნის წინსვლაში“, – განაცხადა ო’კალაჰანმა.
2025 წელს, თავისუფალი გადაადგილების დირექტივის ფარგლებში, ირლანდიიდან 56 პირი გააძევეს, რაც 18-ით მეტია, 2024 წელთან შედარებით.
გასული წლის მაჩვენებელში შედის 23 პირი, რომელთა დეპორტირება ჩარტერული რეისით რუმინეთში განხორციელდა.
https://www.rte.ie/news/ireland/2026/0125/1555017-poland-lithuania-flight/
