კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებელი ფარმან ჯეირანლი საქართველოს პრეზიდენტს მისი საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს. წერილში ჯეირანლი საკუთარ ბიოგრაფიას ყვება. ის საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა უმაღლესი განათლება სამედიცინო განათლება აზერბაიჯანში მიიღო.
“1993 წელს დავინიშნე აზერბაიჯანის ჯანმრთლობის დაცვის მინისტრის მოადგილედ მეცნიერების დარგში, შემდეგ ვხელმძღვანელობდი მ. თოფჩიბაშიევის სახ. ქირურგიის ინსტიტუტს და ამავდროულად გახლდით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავარი ქირურგი. ერთ-ერთი კერძო პირველი კლინიკა აზერბაიჯანში გავხსენი მე, სახელწოდებით „ლანცეტი“. მთელი ჩემი სამედიცინო მოღვაწეობის პერიოდში მქონდა სურვილი ჩემს სამშობლოში, საქართველოში გამეხსნა ულტრათანამედროვე რეგიონული მნიშვნელობის მრავალპროფილიანი სამედიცინო კლინიკა. 2014 წელს ჩემი სანუკვარი მიზნის განხორციელება შევძელი 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) დოლარის მოცულობის ინვესტიციის ჩადებით და დავაფუძნე კლინიკა “ლანცეტი”. მე 7 წელია, რაც ვარ საქართველოს მოქალაქე და ასევე ვმონაწილეობდი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. 2017 წლის 21 მაისიდან ვარ დაკავებული ჩემთვის გაურკვეველი ბუნდოვანი ბრალდებებით, რომელთანაც მე არანაირი კავშირი არ მაქვს.” – წერს ჯეირანლი.
საქართველოს პრეზიდენტისთვის მიწერილ წერილში, ჯეირანლი ამბობს, რომ მისი დაკავება დაკავშირებულია აზერბაიჯანის პოლიტიკურ დაკვეთასთან.
“ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები მაძლევს საფუძველს, რომ ვიფიქრო, ჩემი დაკავება დაკავშირებულია პოლიტიკურ დაკვეთასთან აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციურად განწყობილი წევრები უნდობლობას უცხადებენ ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებს და სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევებზე და სამკურნალოდ მოგვმართავენ ჩვენს კლინიკა „ლანცეტს“. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან თავს ვთვლი უკანონო პატიმრად და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი თანამშრომლებიც არიან უდანაშულოები. გთხოვთ დაინტერესდეთ და პირად კონტროლზე აიყვანოთ ჩემი საქმე. საქმის ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად თქვენს დაქვემდებარებაში არსებული შესაბამისი სამსახური დაუკავშირდეს ჩემს ადვოკატს, ბატონ გელა ნიკოლაიშვილს”, – ნათქვამია წერილში.
ღვიძლის ტრანსპლანტაციის უკანონო ოპერაციების საქმეზე კლინიკა “ლანცეტის” ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი ფარმან ჯეირანლი 22 მაისს დააკავეს. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.
ლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის გადანერგვის სულ 2 ოპერაცია 2016 წლის მარტში ჩატარდა. ორივე ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა, ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გიორგი ჩუბინიძე და კარლო კეკელიძე გარდაიცვალნენ.
“ლანცეტის” დირექტორის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.