24 იანვარს, ლიეტუვის სამხრეთით მდებარე ქალაქ კაპჩიამიესტისის სიახლოვეს სამხედრო პოლიგონის მოწყობის გეგმის გასაპროტესტებლად, დაახლოებით 1000 მოქალაქე შეიკრიბა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, აღნიშნული პროექტი მოსახლეობას აიძულებს, დატოვონ საკუთარი სახლები, ამასთან ზიანს აყენებს აქაურ ტყეებსა და ადგილობრივ თემებს.
ადგილობრივების პროტესტს შეუერთდნენ მხარდამჭერები ლიეტუვის სხვა რეგიონებიდან და მეზობელი პოლონეთიდან. ბევრი მათგანი აღნიშნავდა, რომ მხარს უჭერს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, თუმცა არ მოსწონს ხელისუფლების მხრიდან გამჭვირვალობის ნაკლებობა და პოლიგონისთვის შერჩეული ლოკაცია.
დემონსტრანტებს ეჭირათ ლიეტუვის დროშები, ეკეთათ ეროვნულ ფერებში გაწყობილი შარფები და მღეროდნენ პატრიოტულ სიმღერებს. მათ კაპჩიამიესტისსა და მეზობელ სოფელ სოპოჩკინასს შორის დაახლოებით 3-კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. წესრიგის დასაცავად ადგილზე პოლიციის რამდენიმე ქვედანაყოფი იყო მობილიზებული.
ორგანიზატორების თქმით, დემონსტრაციაში დაახლოებით 1000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

„არ გვინდა, რომ სახლებიდან გაგვასახლონ ან ჩვენი მიწები და ტყეები წაგვართვან. ლიეტუვაში ისედაც საკმარისი სამხედრო პოლიგონია. ომი არ გვჭირდება. თუ აქ პოლიგონი აშენდება, ყველაზე მეტად ჩვენ დავზარალდებით“, – განაცხადა კაპჩიამიესტისის მცხოვრებმა, პენსიონერმა ელვირა იანჩიულიენემ.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ქალაქში ბევრი ახალგაზრდა ოჯახი დაბრუნდა უცხოეთიდან, მათ ინვესტიცია ჩადეს საცხოვრებელში, დაიწყეს ბიზნესი და ადგილობრივი თემი გააძლიერეს.
„ყველაფერი ჩვენი უკანასკნელი დანაზოგით აღვადგინეთ, – დასძინა მან, – ახლა კი ამ ყველაფრის წართმევა სურთ“.

კიდევ ერთმა ადგილობრივმა, 75 წლის ანელე ბალჩიენემ აღნიშნა, რომ იგი საკუთარი მამულების დასაცავად მოვიდა, სადაც მისი ოჯახის მრავალი თაობა დაიბადა და იცხოვრა. მან ჩამორთმეული ქონებისთვის შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობა გააკრიტიკა და მას „არაადეკვატური“ უწოდა.
„ერთ შენობაში 10 000 ევროს გვთავაზობენ, – თქვა მან, – ამ თანხით რისი აშენება შეიძლება? ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს, მთავრობას ჩვენი მოტყუება სურს“.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „არა პოლიგონს კაპჩიამიესტისში!“, „შეწყვიტეთ კარმიდამოების, ტყეებისა და ველური ბუნების განადგურება!“ და „არა ომის გაღვივებას – დიახ მშვიდობას!“.

მხარდამჭერები ასევე ჩავიდნენ მარიიამპოლიდან, ვილნიუსიდან და პოლონეთიდან. მარიაამპოლელმა ფერმერმა, ვილმა კოშუბიენემ აქციაზე განაცხადა, რომ მართალია, ამ მხარეში ქონებას არ ფლობს, მაგრამ ხშირად სტუმრობს აქაურ ტყეებს სოკოს შესაგროვებლად.
„ტყეები აქ უკვე გაიჩეხა, – აღნიშნა მან, – ეს გავლენას ახდენს არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ მთელ ეკოსისტემაზე“.
ვილნიუსელი ჭადრაკის მწვრთნელი, ანდრიუს მულევიჩიუსი ამბობს, რომ იგი მხარს უჭერს ლიეტუვის უსაფრთხოებას, თუმცა ხელისუფლებისგან უფრო მკაფიო დასაბუთებას ითხოვს.
„საკუთარ თავს პატრიოტად მივიჩნევ, – განაცხადა მან, – მაგრამ მინდა მოვისმინო მკაფიო არგუმენტები, თუ რატომ არის აუცილებელი პოლიგონის მაინცდამაინც ამ ადგილას მოწყობა. გადაწყვეტილებები დიალოგის გზით უნდა მიიღებოდეს და არა ძალისმიერი მეთოდებით“.
პოლონეთის მოქალაქემ, 75 წლის ლუკაშ მელეროვიჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის მეზობლობის გამო თავდაცვის გაძლიერების საჭიროებაში ეჭვი არ ეპარება, თუმცა ოფიციალურ პირებს მაინც ლოკაციის გადახედვისკენ მოუწოდებს.
„ნამდვილად ეს ადგილია ყველაზე შესაფერისი? – იკითხა მან, – პოლიგონის სხვაგან გადატანა შესაძლებელია, რათა მოსახლეობა და ტყეები არ დაზიანდეს“.
ადგილობრივმა აქტივისტებმა კაპჩიამიესტისის ტყის მასივში პოლიგონის მოწყობის საწინააღმდეგო პეტიცია შეადგინეს, რომელსაც ინტერნეტში 13 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი და 6 500 ევროზე მეტი თანხა შეაგროვა. ორგანიზატორები ხელმოწერებს შაბათის აქციაზეც აგროვებდნენ. ეს პროცესი 7 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მოთხოვნები სამთავრობო უწყებებს წარედგინება.
თემის ლიდერმა, რამინტა კარაუსკიენემ განაცხადა, რომ მოსახლეობა კანონმდებლებისგან პროცესის შეჩერებას და წერილობით განმარტებას ითხოვს იმის შესახებ, თუ რატომ შეირჩა ლოკაცია სუვალკის დერეფნის სიახლოვეს – სტრატეგიულად მგრძნობიარე ზონაში, რომელიც ლიეტუვასა და პოლონეთს აკავშირებს.
ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ შაბათს, თავის გამოსვლაში, აღნიშნა, რომ პოლიგონი „აუცილებლად აშენდება“ და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს პროექტისთვის პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად. მისი თქმით, დაზარალებული მაცხოვრებლებისთვის გათვალისწინებული კომპენსაცია იქნება „ძალიან სამართლიანი“ და შესაძლოა, მოიცავდეს მორალური ზიანის ანაზღაურებასაც.
პრეზიდენტის მტკიცე პოზიციის მიუხედავად, აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ სუვალკის დერეფნის გასწვრივ ალტერნატიული ლოკაციის მოძებნა შესაძლებელია.
ლიეტუვა, მომდევნო წლებში, კაპჩიამიესტისის მახლობლად, დაახლოებით 14 600 ჰექტარზე, სამხედრო პოლიგონის მოწყობას გეგმავს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ობიექტის სტრატეგიული მდებარეობა გადამწყვეტია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. პროექტი პარლამენტმა, ბოლო მოსმენით, საგაზაფხულო სესიაზე უნდა დაამტკიცოს.
https://www.lrt.lt/en/news-in-english/19/2818104/about-1-000-protest-planned-military-training-ground-in-lithuania-s-kapciamiestis
