ახლად დაარსებული კომპანია, რომლის ნაწილობრივი მფლობელიც კურორტ „ვიტაუტას მინერალ სპა“-ს ოპერატორია, ლიეტუვის ზღვისპირა კურორტ პალანგაში მდებარე, დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული დასასვენებელი კომპლექსის, „აუსკას“ რეკონსტრუქციასა და მართვაში 34.6 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ პალანგის მუნიციპალიტეტი იუწყება.
ღია ტენდერში გამარჯვებულ კომპანია SPA Birštonas-თან და მის საპროექტო კომპანია Thermal Spa-სთან, ქალაქ პალანგის ხელმძღვანელობამ 21-წლიანი საკონცესიო ხელშეკრულება გააფორმა. ობიექტი, რომელიც ფართოდ არის ცნობილი, როგორც „ბრეჟნევის აგარაკი“, წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა.
1973 წელს აშენებული „აუსკა“ მაღალი რანგის საბჭოთა ჩინოვნიკების დასასვენებელ რეზიდენციად იყო ჩაფიქრებული. მეტსახელის მიუხედავად, საბჭოთა ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი აგარაკზე არასდროს ყოფილა.
მოგვიანებით, კომპლექსმა ლიეტუვის რამდენიმე პრეზიდენტს უმასპინძლა, მათ შორის – ალგირდას ბრაზაუსკასსა და ვალდას ადამკუსს; ასევე მას სტუმრობდა იმპიჩმენტის წესით გადაყენებული ყოფილი პრეზიდენტი როლანდას პაქსასიც. შენობა გამორჩეულია ლიეტუვაში პირველი და ერთადერთი საცურაო აუზით, რომელსაც რუკაზე გამოსახული ქვეყნის ფორმა აქვს და გამთბარი ზღვის წყლით მარაგდება.
პალანგის მერის, შარუნას ვაიტკუსის თქმით, კონცესია უზრუნველყოფს ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენას და იმავდროულად – მნიშვნელოვანი კერძო ინვესტიციების მოზიდვას.
„ყველაზე მთავარი ის არის, რომ მუნიციპალიტეტი მიიღებს 34.6 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას. 21 წლის შემდეგ, ყოველმხრივ გაუმჯობესებულ ახალ ნაგებობასთან ერთად, ობიექტი ქალაქ პალანგის მფლობელობაში დაბრუნდება. ასე რომ, არაფერი სხვისდება ან იყიდება“, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

„სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, 3 წელი გაგრძელდება. განახლებულ, 4 500 კვადრატული მეტრი ფართობის შენობაში სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ცენტრი განთავსდება, სადაც 250-მდე ადამიანი დასაქმდება“, – აღნიშნა მერმა.
გარდა ამისა, ტერიტორიის ცალკე ნაწილზე კონცესიონერი მოხუცთა თავშესაფარს ააშენებს და მას, სოციალური მომსახურების მიზნებისთვის, მუნიციპალიტეტს გადასცემს.


მუნიციპალიტეტის ცნობით, სოციალურ მიზნებზე გათვლილი დაწესებულება, სულ მცირე, 41 ბენეფიციარს მოემსახურება.
შეთანხმების თანახმად, კონცესიაში ასევე შედის აგარაკის მიმდებარედ არსებული ჩოგბურთის კორტები. გამაჯანსაღებელი კომპლექსისთვის იჯარით გაიცემა დაახლოებით 4 ჰექტარი მიწა, ხოლო მოხუცთა თავშესაფრისთვის – 1.8 ჰექტარი. მუნიციპალიტეტმა განაშენიანების არეალიდან ამოიღო დაახლოებით 16 ჰექტარი მწვანე ზონა, მათ შორის – სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტყე.


Thermal Spa-ს აღმასრულებელი დირექტორი, აისტე მილიუტე ამბობს, რომ განახლებული კომპლექსი მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს და მომხმარებელს შესთავაზებს გამაჯანსაღებელ სერვისებს მინერალური რესურსების, გამთბარი ზღვის წყლის, სამკურნალო ტალახისა და მარილის გამოყენებით, თანამედროვე ტექნოლოგიებთან კომბინაციაში.
პალანგის მუნიციპალიტეტმა კომპლექსი „აუსკა“ სახელმწიფო ქონების მმართველი Turto Bankas-ისგან საკუთრებაში 2021 წლის დასაწყისში მიიღო. 2024 წლის ივნისში გამოცხადებული საკონცესიო ტენდერი ითვალისწინებდა საბჭოთა პერიოდის კომპლექსის გარდაქმნას თანამედროვე გამაჯანსაღებელ ცენტრად, სასტუმროთი და ხანდაზმულებზე ზრუნვის ობიექტებით.

