კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, სებასტიან ჰალმაჯენი, 29 იანვარს, ლატვიაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
„კანადის შეიარაღებული ძალების წევრი, არტილერისტი სებასტიან ჰალმაჯენი, რომელიც ლატვიაში ოპერაცია REASSURANCE-ის ფარგლებში იმყოფებოდა და კანადის მეთაურობით მოქმედ ნატო-ს მრავალეროვნულ ბრიგადაში მსახურობდა, 2026 წლის 29 იანვარს, რიგის მახლობლად გარდაიცვალა“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.
„არტილერისტ ჰალმაჯენის გარდაცვალების გარემოებებს ამჟამად კანადის ძალების სამხედრო პოლიცია ლატვიის სახელმწიფო პოლიციის მხარდაჭერით იძიებს. დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელდება. ამ დროისთვის არ არსებობს იმის ნიშნები, რომ მომხდარი საფრთხეს უქმნის იქ განლაგებული ჩვენი სხვა წევრების უსაფრთხოებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.
სებასტიან ჰალმაჯენი წარმოშობით ჰამილტონიდან (ონტარიო) იყო და სამეფო არტილერიის საერთო მხარდაჭერის მე-4 საარტილერიო პოლკში მსახურობდა, რომელიც კანადის მე-6 საბრძოლო მხარდაჭერის ბრიგადის ნაწილია. ეს ბრიგადა ნიუ-ბრანსუიკში, გეიჯთაუნის ბაზაზეა დისლოცირებული.
სებასტიან ჰალმაჯენი ოპერაცია REASSURANCE-ში მონაწილეობდა, როგორც საჰაერო თავდაცვის ბატარეის წევრი და ლატვიაში დისლოცირებული ნატო-ს მრავალეროვნული ბრიგადის საარტილერიო ბატალიონში ირიცხებოდა. ის კანადის შეიარაღებულ ძალებში თითქმის სამი წლის განმავლობაში მსახურობდა და ეს მისი პირველი მისია იყო საზღვარგარეთ.
„არტილერისტ ჰალმაჯენის გარდაცვალება დიდი დანაკლისია კანადის შეიარაღებული ძალებისთვის. ჩვენი ყველა წევრის სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ მის ახლობლებსა და თანამებრძოლებს. ის პერსპექტიული კარიერის საწყის ეტაპზე იმყოფებოდა და სამსახურისადმი მისი ერთგულება ყოველთვის გვემახსოვრება. ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები მათთანაა, ვინც მას იცნობდა“, — განაცხადა კანადის თავდაცვის შტაბის უფროსმა, გენერალმა ჯენი კარინიანმა.
თავის მხრივ, ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა აღნიშნა: „ღრმა მწუხარებით გაუწყებთ კანადელი ჯარისკაცის, სებასტიან ჰალმაჯენის გარდაცვალების შესახებ… ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. მისი თავდადება და სამსახური ჩვენს მეხსიერებაში დარჩება“.
არტილერისტ ჰალმაჯენის მეგობრებსა და ოჯახს ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებელიც (LSM -Latvijas Sabiedriskie Mediji) უსამძიმრებს.
