3 თებერვალს, ესტონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ესტონეთის შიდა წყლებში მყოფ საკონტეინერო გემზე ავიდნენ და დააკავეს. მათი განცხადებით, საზღვაო ხომალდი, რომელიც ბაჰამის დროშის ქვეშ დაცურავდა, შესაძლოა, სამხრეთ ამერიკიდან კონტრაბანდული საქონლის შემოტანასთან იყოს დაკავშირებული.
სამშაბათს, 17:10 საათზე, ესტონეთის საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტის (MTA), პოლიციის სპეციალური დანაყოფისა და სამხედრო-საზღვაო ძალების თანამშრომლებმა, ესტონეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, კუნძულ ნაისაართან, ბაჰამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი „ბალტიკ სპირიტი“ დააკავეს, რომელიც რუსეთისკენ მიემართებოდა.
„არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გემი შესაძლოა კონტრაბანდისთვის ყოფილიყო გამოყენებული“, – ნათქვამია საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტის განცხადებაში.
პოლიციის სპეციალური დანაყოფი „კ-კომანდო“ ვერტმფრენიდან გემის ბორტზე გადაჯდა და ხომალდი დააკავა, რათა საბაჟო დეპარტამენტს მისი შემოწმების საშუალება მისცემოდა.
MTA-ს ცნობით, გემის ეკიპაჟს წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ოპერაცია გრძელდება. „კ-კომანდოს“ გარდა, „ბალტიკ სპირიტის“ ბორტზე MTA-ს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებიც იმყოფებიან, რომლებიც ადგილზე პირველად საინსპექციო პროცედურებს ატარებენ.
გემი ეკვადორიდან სანკტ-პეტერბურგში (რუსეთი) მიემართებოდა. ესტონეთის წყლებში ის საწვავის შესავსებად შევიდა. პირველადი საბაჟო შემოწმების დროს, ხომალდი ოფიციალურ ღუზის ჩასაშვებ სადგომზე იმყოფებოდა.
„ესტონეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, ხომალდი არ არის რუსეთის „აჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი და არც ევროკავშირის სანქციებს ექვემდებარება“, – აცხადებენ MTA-ში.

კონტრაბანდა და არა სანქციების დარღვევა
„კ-კომანდოს“ ხელმძღვანელის, მარეკ აასის თქმით, გემის შესახებ ინფორმაცია მისმა ჯგუფმა საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტისგან მიიღო.
„ოპერაციამ მშვიდობიანად ჩაიარა. მსგავს სიტუაციებში „კ-კომანდოს“ ამოცანა ყოველთვის ბორტზე ასვლა და პირველადი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, რათა სხვა უწყებებმა, ამ შემთხვევაში კი საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტმა, საქმიანობის დაწყება შეძლონ“, – განმარტა მან.
აასმა სანქციების დარღვევასთან ან ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტთან“ გემის კავშირი გამორიცხა.
„ეს არ არის რუსეთის ფედერაციის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ხომალდი, არც ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი გემი. ჩვენი ოპერაციის მიზეზი შესაძლო კონტრაბანდაა“, – აღნიშნა მან.
კითხვაზე, არსებობდა თუ არა ეჭვი საკონტეინერო გემზე ნარკოტიკების არსებობის შესახებ, აასმა უპასუხა, რომ დეტალებს გამოძიება გაარკვევს.
188 მეტრი სიგრძის სატვირთო გემი თავდაპირველად ღუზაზე დარჩება, თუმცა მოგვიანებით მას, უფრო საფუძვლიანი შემოწმებისთვის, პორტში გადაიყვანენ.
„აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პატარა ხომალდი. მასზე დიდი რაოდენობით კონტეინერებია, რომელთაგან ყველა უნდა შემოწმდეს. ამიტომ, ოპერაცია გრძელდება“, – დაამატა აასმა.
მისი თქმით, „ბალტიკ სპირიტს“ 23-წევრიანი ეკიპაჟი ჰყავს და ყველა მათგანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. ეკიპაჟის წევრებს შორის ესტონეთის მოქალაქეები არ არიან.


უფრო დახვეწაც შეიძლება
ოპერაციაში, სავარაუდოდ, ესტონეთის სხვადასხვა უწყების 50 თანამშრომელი მონაწილეობდა, მათ შორის – პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან, ტრანსპორტის ადმინისტრაციიდან, სახელმწიფო ფლოტიდან და საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტიდან.
ოპერაციის მხარდამჭერთა შორის იყვნენ: სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები, „რაიუ“ და „ადმირალი კოვანი“, ასევე სახელმწიფო ფლოტის კატერი „აჰტო“. ჰაერიდან ღონისძიებას PPA-ს სამაშველო ვერტმფრენი აზღვევდა.
აასის თქმით, ესტონურმა მხარემ ოპერაცია დამოუკიდებლად ჩაატარა და მისი დახვეწა, რესურსების თვალსაზრისით, ნამდვილად შეიძლება.
„ოპტიმალური ვითარება იქნებოდა, ჰაერში, სულ მცირე, ორი ვერტმფრენი რომ ყოფილიყო: ერთი უსაფრთხოებისთვის, მეორე კი – ამოცანის შესასრულებლად. როდესაც მეტი რესურსი გვექნება, ადგილზე უფრო სწრაფად და მეტი პერსონალით მისვლა შეიძლება“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ამ ოპერაციის დროს, მხოლოდ ერთი ვერტმფრენი იყო ხელმისაწვდომი.
