ლიეტუვის სამართალდამცავმა ორგანოებმა, ბელარუსიდან საჰაერო ბუშტების მეშვეობით სიგარეტის კონტრაბანდის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 28 ეჭვმიტანილი გამოავლინეს. ოფიციალური პირების განცხადებით, მათგან 5 დანაშაულებრივი სქემის სავარაუდო ორგანიზატორია.
„გამოძიების ამ ეტაპზე საქმეში 28 ეჭვმიტანილი ფიგურირებს“, – განუცხადა ვილნიუსში ჟურნალისტებს ლიეტუვის გენერალური პროკურატურის ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გამოძიების დეპარტამენტის მთავარმა პროკურორმა, არტურას ურბელისმა.
მისივე განმარტებით, ხუთი ეჭვმიტანილი კონტრაბანდულ ოპერაციას, სავარაუდოდ, ლიეტუვის ტერიტორიაზე ხელმძღვანელობდა. მან სავარაუდო ლიდერები შალჩინინკაის რაიონის მკვიდრებად მოიხსენია. ურბელისის განცხადებით, ისინი სრულწლოვანი პირები არიან და კრიმინალური წარსული აქვთ, მათ შორის – ნასამართლეობა კონტრაბანდისა და აქციზური საქონლის უკანონო ფლობისთვის.
ეჭვმიტანილთა დაკავება სამშაბათს, მასშტაბური საპოლიციო რეიდის შედეგად მოხდა. ურბელისის თქმით, დაპატიმრების ორდერების გაცემის შუამდგომლობით, პროკურორებმა სასამართლოს უკვე მიმართეს.
როგორც ლიეტუვის კრიმინალური პოლიციის ბიუროს უფროსის მოადგილემ, საულიუს ბრიგინასმა აღნიშნა, ბელარუსიდან საჰაერო ბუშტებით სიგარეტის კონტრაბანდის ორგანიზებისთვის, ეჭვმიტანილები სხვა პირებსაც იბირებდნენ და საკუთარ ქმედებებს ბელარუსში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებებთან ათანხმებდნენ.
https://www.lrt.lt/en/news-in-english/19/2827218/lithuanian-police-detain-28-suspects-including-5-ringleaders-in-smuggler-balloon-probe
