პოლონეთი ნარკოტიკებთან ბრძოლას აძლიერებს. ბოლო კვირებში კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ რამდენიმე წარმატებული ოპერაცია ჩატარდა. ერთ-ერთი სიახლეა მეზობელი და ევროპის სხვა ქვეყნების გამომძიებლებთან, ასევე ევროპოლთან თანამშრომლობის გააქტიურებაც. მხოლოდ გასულ წელს ქვეყანაში 29 ტონა სინთეზური ნარკოტიკი ამოიღეს.
ორგანიზებული ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ჩატარებული ერთ-ერთი ბოლო სპეცოპერაციის ფარგლებში, პოლონეთში პოლიციამ 16 ეჭვმიტანილი დააკავა. ამოღებულია 150 ათასი აბი და ამპულა ნარკოტიკული საშუალება. მსგავსი ოპერაციების რიცხვი სულ უფრო იზრდება.
„ისინი სხვადასხვა ხასიათის იყო. საუბარია როგორც მცირე, ისე დიდი ლაბორატორიების გაუვნებელყოფაზე, სადაც სინთეტიკური ნარკოტიკები, ანუ ის ნარკოტიკული საშუალებები მზადდებოდა, რომლებიც ამჟამად პოლონეთში დომინირებს“, – განმარტა ნარკოდანაშაულის პრევენციის განყოფილების ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს წარმოამდგენელმა, მიხალ ალექსანდროვიჩმა.
მისმა განყოფილებამ იანვრის შუა რიცხვებში ნახევარი ტონა ნივთიერება კლეფედრონი ამოიღო, რომელსაც მეტსახელად „ღარიბების კოკაინს“ უწოდებენ. 400-მა პოლონელმა პოლიციელმა, ევროპოლთან თანამშრომლობით, ნარკოტიკების დასამზადებლად საჭირო 700 ტონა ქიმიური ნივთიერების კონფისკაცია შეძლო.
პოლონეთის ეკონომიკური დონე იზრდება, რის გამოც ის სულ უფრო მიმზიდველი ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის. პრობლემა ისაა, რომ ეს ქვეყანას ნარკოტიკების სექტორში ინვესტირების მსურველთათვისაც მიმზიდველს ხდის. ნარკოტიკები და კონტრაბანდისტები პოლონეთისკენ სამხრეთ ამერიკიდანაც კი მიემართებიან.
„დაკავებულებს შორის არიან ნარკოტიკების მწარმოებლები კოლუმბიიდან და მექსიკიდან, კერძოდ კი სინალოას კარტელიდან“, – აღნიშნა ყოფილმა პოლიციელმა და ვარშავის „კოლეგიუმ ცივიტასის“ (Collegium Civitas) უნივერსიტეტის ექსპერტმა, ანჯეი მროჩეკმა.
პოლონეთი მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა არ არის. თავად ამ ქვეყანაში ტონობით ნარკოტიკი იწარმოება და კონტრაბანდული გზით სკანდინავიაში, აგრეთვე დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში გადის.
„პოლონეთი ცნობილი იყო ამფეტამინის წარმოებით. თუმცა, ბოლო წლებში ეს ტენდენცია შეიცვალა და დღეს აქ, ძირითადად, სინთეტიკური კათინონები მზადდება“, – ამბობს ალექსანდროვიჩი.
ვარაუდობენ, რომ ნარკოქსელების წინააღმდეგ მიმართული სპეცოპერაციების მასშტაბები წლის ბოლომდე უფრო გაფართოვდება. პოლონელ პოლიციელებს ამის იმედს წარმატებული ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა აძლევს.
https://ct24.ceskatelevize.cz/clanek/svet/v-polsku-zesiluji-zasahy-proti-distributorum-drog-370127
