ამერიკული საკომუნიკაციო პლატფორმა „ვოტსაპი“ რუსეთმა მთლიანად დაბლოკა. კრემლის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აღნიშნული პლატფორმა რუსულ კანონმდებლობას არ იცავდა. პესკოვმა მოსახლეობას, „ვოტსაპის“ ნაცვლად, რუსული აპლიკაცია „მაქსის“ გამოყენება ურჩია. კრემლის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსული პლატფორმა მთავრობას მომხმარებლების თვალთვალის საშუალებას აძლევს, რასაც ხელისუფლება უარყოფს.
მანამდე „ფაინენშალ თაიმსი“ იუწყებოდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ „ვოტსაპი“ იმ ონლაინ-კატალოგიდან ამოიღო, რომელსაც სახელმწიფო მედია და ინტერნეტის მარეგულირებელი „როსკომნადზორი“ აწარმოებს.
„ვოტსაპს“, რომელსაც ამერიკული კომპანია „მეტა პლატფორმსი“ ფლობს, რუსეთში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. „ვოტსაპის“ წარმომადგენლის განცხადებათ, ამერიკული საკომუნიკაციო პლატფორმის დაბლოკვის მიზანია, აიძულოს მომხმარებლები, „სახელმწიფო თვალთვალის აპლიკაცია“ გამოიყენონ.
უცხოურ აპლიკაციაზე შეტევა მასზე განხორციელებული ექვსთვიანი ზეწოლის კულმინაციაა. „როიტერის“ ცნობით, ეს კარგად წარმოაჩენს რუსეთის ხელისუფლების ფართომასშტაბიან მცდელობას, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პერიოდში შექმნას და გააკონტროლოს საკომუნიკაციო გარემო, რომელშიც უცხოური ტექნოლოგიური ფირმები ან ადგილობრივ კანონებს დაემორჩილებიან, ან გაქრებიან.
გასულ წელს, მოსკოვმა დაიწყო გარკვეული ზარების შეზღუდვა „ვოტსაპსა“ და კიდევ ერთ საკომუნიკაციო აპლიკაციაში – „ტელეგრამში“. მან უცხოური პლატფორმები თაღლითობისა და ტერორიზმის საქმეებზე რუსეთის ხელისუფლებისთვის ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა. დეკემბერში მოსკოვმა ასევე დაბლოკა ამერიკული კომპანია „ეფლის“ ვიდეოზარების აპლიკაცია FaceTime.
https://ct24.ceskatelevize.cz/clanek/svet/rusko-zablokovalo-whatsapp-doporucilo-vlastni-aplikaci-370262
