ახალგზარდები ირიცხებიან უნივერსიტეტებში, შემდეგ მათი დიდი ნაწილი საქმდება არა დიპლომის შესაბამისად, ანუ, ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ექსპერტების სტატუსით მოსაუბრე ადამიანები აცხადებენ, რომ როგორ შეიძლება გაკეთდეს შრომის ბაზრის ანალიზი, ვინ ეკითხება სახელმწიფოს შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარებას და ამის საფუძველზე კვოტების განსაზღვრას.
„რაც შეეხება შრომის ბაზრის ანალიზს, ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ საჯარო განცხადებები, რომ როგორ შეიძლება გაკეთდეს შრომის ბაზრის ანალიზი, ვინ ეკითხება სახელმწიფოს შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარებას და ამის საფუძველზე კვოტების განსაზღვრას. ექსპერტების სტატუსით მოსაუბრე ადამიანები გვეუბნებოდნენ ამ ყველაფერს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შრომის ბაზრის ანალიზი არ ჩატარებულა. გვაქვს ასეთი მდგომარეობა – ახალგზარდები ირიცხებიან უნივერსიტეტებში, შემდეგ მათი დიდი ნაწილი საქმდება არა დიპლომის შესაბამისად. ანუ, ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში. საქართველოში დღეს არის 20 000 ექიმი. საერთაშორისო სტატისტიკას თუ შევხედავთ, ერთ-ერთი მოწინავე ვართ ამ მაჩვენებლით. როცა საუბარია 20 000 ექიმზე, უხეშად 40 წელზე რომ გადავიანგარიშოთ, გამოდის, რომ, იმისათვის, რომ ქვეყანაში ჭარბი რაოდენობით ექიმები არ მივღოთ, 500-600 ექიმზე მეტი თუ გამოუშვა ჩვენმა სისტემამ, ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი განწირულია იმისთვის, რომ თავისი დიპლომის მიხედვით ვერ დასაქმდება. ამიტომ არის საჭირო შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარება, რომ მომავალი ექიმები არ გავწიროთ ან ემიგრაციისთვის, ან იმისთვის, რომ დიპლომით ვერ იმუშავებს.
შევისწავლეთ როგორც კერძო, ისე აჯარო სექტორი და დავადგინეთ, რამდენი იურისტი სჭირდება ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში. დადგინდა, რომ წლის განმავლობაში მოთხოვნა არის 700 იურისტის გამოშვებაზე. 700-ის ზევით ახალგაზრდები განწირულები არიან იმისთვის, რომ ვერ დასაქმდებიან. საქართველოში გასული 5 წლის სტატისტიკას თუ ავიღებთ, საშუალოდ უნივერსიტეტებში, იურიდიულ ფაკულტეტებზე ირიცხებოდა 3600 სტუდენტი. აქედან სწავლას ამთავრებდა 2050. მოთხოვნა არის 700. ეს ნიშნავს, რომ 3600 სტუდენტიდან 2900 განწირულია იმისათვის, რომ ვერასდროს ისარგებლებს იურისტის დიპლომით. აქ როგორ შეიძლება არ ჩატარდეს შრომის ბაზრის ანალიზი. უახლოეს მომავალში გავმართავთ ამ კვლევის პრეზენტაციას ჩართულები იქნებიან განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროები “, – განაცხადა პრემიერმა.
