ფრანგი მეცნიერები წლების განმავლობაში ამაოდ ითხოვენ ისეთი ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიის შექმნას, რომელიც ცერეულიდის ტოქსინის გამოვლენაზე იმუშავებს და კრიზისის შემთხვევაში, სწრაფ რეაგირებას მოახდენს.
ეს გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ მიიღეს, რაც „ნესტლეს“ მიერ წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში ცერეულიდის ტოქსინით სავარაუდო დაბინძურება აღმოაჩინეს. ამ შემთხვევამ დღის სინათლეზე გამოიტანა საკმაოდ უხერხული ფაქტი – საფრანგეთს ამ ტოქსინზე საკუთარი ანალიზების ჩატარება არ ძალუძს. ამიტომ, ამის გაკეთება დაევალება Sciensano-ს – ბელგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტს, რომელიც ამ საქმეში საფრანგეთის სურსათის, გარემოსა და შრომის უსაფრთხოების ეროვნულ სააგენტოსთან (Anses) ითანამშრომლებს.
Radio France-ის საგამოძიებო ჯგუფმა იანვარში გამოავლინა, რომ ამჟამად საფრანგეთში არ არსებობს ცერეულიდის ტოქსინის აღმოჩენისთვის განკუთვნილი ეროვნული რეფერენს-ლაბორატორია (NRL). ეს ხარვეზი ახალი არ არის – Anses-ის მეცნიერები, ბოლო სამი წლის განმავლობაში, საუბრობენ აკრედიტებული ლაბორატორიის საჭიროებაზე, რომელიც კრიზისის დროს სწრაფ რეაგირებას მოახდენს.
ჩვენი ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლება არ დათანხმდა საჭირო ფინანსური რესურსების – წელიწადში დაახლოებით 200 000 ევროს – გამოყოფას იმ ლაბორატორიის შესაქმნელად, რომელიც ბაქტერია Bacillus cereus-ის მიერ წარმოქმნილ ამ ტოქსინზე იმუშავებდა. ეს ბაქტერია გარემოში ფართოდაა გავრცელებული და, წლების განმავლობაში, საფრანგეთში საკვებით კოლექტიური მოწამვლის მთავარი მიზეზია.
„კოშმარი კვირების განმავლობაში“
ზოგიერთ ოჯახს სამთავრობო უწყებებმა უკვე აცნობეს, რომ შესაბამის პროდუქტებს საბოლოო ანალიზი საზღვარგარეთ ჩაუტარდება.
ასე მოხდა მარინის შემთხვევაში, რომლის ქალიშვილი, ლეანი, სამშობიარო სახლის დატოვებისთანავე, GuigozOptipro-ს ჩვილთა კვების მიღების შემდეგ, ცუდად გახდა: „ჩვენ კვირების განმავლობაში კოშმარში ვიყავით, – ამბობს მარინი, – ჩემს ქალიშვილს ძლიერი დიარეა ჰქონდა და რამდენიმე დღით საავადმყოფოში იწვა. მან გონებაც კი დაკარგა რვა საათის განმავლობაში. მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ რძის ფხვნილის წასაღებად, რომელიც მან მიიღო. მითხრეს, რომ ანალიზებს Anses-ი ჩაატარებდა… ახლა კი მეუბნებიან, რომ ეს საზღვარგარეთ გაკეთდება. როგორ შეიძლება, რომ ეს საფრანგეთში ვერ გაკეთდეს?“
სარტის დეპარტამენტის ჯანდაცვის სამსახურების მიერ გამოგზავნილი ელექტრონული შეტყობინებით, მთავრობამ ბავშვის დედას აუწყა, რომ „Anses-ის ლაბორატორიას ანალიზის ჩატარების დიდი შესაძლებლობები არ გააჩნია“. მას ასევე ამცნეს, რომ „ამის გაკეთება უცხოურ ლაბორატორიაში იყო შესაძლებელი“, ბოლოს კი დასძინეს, რომ „თუ ეს არ აწყობთ, თავისუფლად შეუძლიათ, ნიმუში უკან დაიბრუნონ“.
ანალიზების სუბკონტრაქტით გადაცემის გადაწყვეტილება მოჰყვა Radio France-ის საგამოძიებო ჯგუფის მიერ კვირის დასაწყისში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, რამდენიმე კვირის განმავლობაში სამთავრობო უწყებები ოჯახებს სთხოვდნენ, ნიმუშები პირდაპირ „ნესტლესთვის“გადაეგზავნათ და უხსნიდნენ, რომ „სხვა გამოსავალი არ იყო“ და რომ მულტინაციონალური კომპანია „ანალიზების ჩატარებას კეთილგანწყობით დათანხმდა“.
რამდენიმე მშობლის უარის მიუხედავად, რომლებიც დამოუკიდებელ ანალიზს ითხოვდნენ, მათ მწარმოებლისგან მიიღეს ელექტრონული წერილი, რათა ინკრიმინირებული პროდუქტები გაეგზავნათ.
„ინტოქს’ალიმის“ ჯგუფში შემავალმა 24-მა ოჯახმა სახელმწიფოსა და მწარმოებლების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს პროცედურა – მწარმოებლისთვის საკუთარი პროდუქტების ანალიზის მინდობა – უკანონოა და ხელს ვერ შეუწყობს ჭეშმარიტების დადგენას.
ჩვილების გარდაცვალების შემდეგ, ამ საქმეზე სულ ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. აქედან სამი იმ პარტიებს ეხება, რომლებიც ანჟერსა და ბორდოში დაფიქსირებული გარდაცვალების შემთხვევების შემდეგ ამოიღეს. მეოთხე გამოძიება კი ტულუზაში რვა თვის ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს, რომელმაც საკვები იმ პარტიიდან მიიღო, რომელიც ქსელიდან არ იყო ამოღებული. გვამის გაკვეთამ რძის ფხვნილთან გარდაცვალების შესაძლო კავშირი არ გამორიცხა.
