წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშიდან იკვეთება, რომ სახელმწიფოს მიდგომა არის ის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ადამიანის უფლებები, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბექა ძამაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშზე საუბრისას.
„ზოგადად, იზოლატორებში როგორ არის უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების დაცვა, ამ ნაწილში საკმაოდ დადებითი შეფასებებია გაკეთებული CPT-ის ანგარიშში. საერთო ჯამში რომ შევაფასოთ, რას ასახავს ეს ანგარიში, შეიძლება ითქვას, რომ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან.
2012 წლის შემდეგ, არ ყოფილა შემთხვევა, რომ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილიყო და ის დასაშვებად გამოცხადებულიყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი მხრივ ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არის მკვეთრად გაუმჯობესებული და მეორე მხრივ, თუ რაიმე გადაცდომას ადგილი ექნება, ქვეყნის შიგნითვე აქვთ ადამიანებს შესაძლებლობა, რომ საკუთარი უფლებები დაიცვან, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.
