მზაობა იმისა, რომ სწორად იყოს გაგებული რას აკეთებს საქართველო, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიაში ეს მზაობა არ არის, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის თქმით, პირიქით, დღეს არიან იქ ადამიანები, რომლებიც საქართველოს საკითხს იყენებენ ძალიან ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, რომელშიც არ შედის ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოება და სტაბილურობა.
„სამწუხარო რეალობა ასეთია, არიან ძალები, მათ შორის ბრიუსელის ბიუროკრატიაში, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა არ სჭირდებათ სტაბილურობისთვის და სტაბილურობის ხიდად არ ხედავს ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის, პირველ რიგში, უსაფრთხოების და სტაბილურობის დაცვას, სწორედ პოლიტიკური პროცესების დაცვით გარე ჩარევებისგან, ეს არის ის სწორი გზა, რაც შეიძლება ქვეყნის პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ გააკეთოს საკუთარი ქვეყნის დასაცავად. ეს გზა რამდენად მოსწონთ იმ ადამიანებს, რომელთანაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ეს ყველაფერი, ბუნებრივია მათ არ მოეწონებათ. ბუნებრივია, ეს კრიტიკა იქნება. ბუნებრივია, ამას არ დაინახავს არავინ როგორც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და გარე ჩარევების შიდა პოლიტიკაში აღმოფხვრისთვის გადადგმულ ნაბიჯებს. რა თქმა უნდა, იქნება მცდელობა, რომ ეს კიდევ წარმოაჩინონ რაღაც დაუსრულებელი დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელებად, დაუსრულებელი ზურგშექცევის პოლიტიკის გაგრძელებად. რამდენჯერ შესაძლოა შევაქციოთ ევროპას ზურგი, წარმოუდგენელია როგორც ხედავენ და როგორც ცდილობენ რომ დაინახონ მარტივი რამ, ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებების განხორციელება, რომელიც ემსახურება ქვეყნის სტაბილურობას, ქვეყნის უსაფრთხოებას. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, რომელშიც მოქმედებს დღეს საქართველოს ხელისუფლება და სულაც არ არის მისი დანახვა და გაგება ასეთი რთული, როგორიც ჩანს ბრიუსელის გარკვეული კაბინეტებიდან“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
