საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, პერუში სახელმწიფოს მეთაური შეიცვალა. „ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, ხუთშაბათს, 18 თებერვალს, პერუს პარლამენტმა ქვეყნის დროებით პრეზიდენტად ხოსე მარია ბალკასარი აირჩია. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტ ხოსე ხერის თანამდებობიდან გადაყენებამ განაპირობა, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება ორ ჩინელ ბიზნესმენთან საიდუმლოდ გამართული შეხვედრების გამო მიმდინარეობს.
83 წლის იურისტი და ყოფილი მოსამართლე, ხოსე მარია ბალკასარი 2016 წლის შემდეგ პერუს რიგით მერვე პრეზიდენტი გახდა. ის ქვეყანას იმ დრომდე უხელმძღვანელებს, სანამ 12 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ქვეყნის უმაღლეს თანამდებობას არ დაიკავებს, რა წესით 28 ივლისს უნდა მოხდეს.
„მე დავიცავ ერის სუვერენიტეტს, რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას და სულიერ ერთიანობას, აგრეთვე მისი დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას“, – განაცხადა პერუს დროებითმა პრეზიდენტმა, ფიცის დადებისას.
ბალკასარის წინამორბედმა, ხერიმ სახელმწიფოს მეთაურის პოსტი გასული წლის ოქტომბერში, მაშინდელი პრეზიდენტის, დინა ბოლუარტეს გადაყენების შემდეგ დაიკავა. თავის მხრივ, ბოლუარტე ადრე ვიცე-პრეზიდენტი იყო და მოგვიანებით, პარლამენტის მიერ 2022 წელს გადაყენებული პრეზიდენტი პედრო კასტილიო შეცვალა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის, პერუს ერთპალატიან, 130-კაციან კონგრესში უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერაც საკმარისია. სამშაბათს, ხერის გადაყენებას 75-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 24 წინააღმდეგი იყო, ხოლო სამმა თავი შეიკავა. ამგვარად, ხერიმ დაკარგა კონგრესის პრეზიდენტის პოსტი, რაც მას ავტომატურად ქვეყნის პრეზიდენტის სტატუსსაც ანიჭებდა.
პერუში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება. ახალი საარჩევნო პერიოდი კი ივლისის ბოლოდან აითვლება, როდესაც ახალი პრეზიდენტი და კანონმდებლები უფლებამოსილების შესრულებას შეუდგებიან.
https://ct24.ceskatelevize.cz/clanek/svet/peruansky-parlament-zvolil-prozatimnim-prezidentem-joseho-balcazara-370487
