მომავალი წლიდან სერჟანტთა კორპუსის პირად შემადგენლობას თანამდებობრივი სარგო ემატება, რაც სერჟანტს კარიერული ზრდისათვის და საკუთარი თავის მუდმივი სრულყოფისათვის კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში განაცხადა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტთა კორპუსის დღე აღინიშნა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერჟანტთა პროფესიული დღე კოჯორში, საჩვენებელი სწავლებით დაიწყო. სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირადმა შემადგენლობამ ოპერატიული ბრძანების გაცემის შემდეგ, ჩასაფრების ოპერაცია განახორციელა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სერჟანტებს პროფესიული დღე პირადად მიულოცეს და სერჟანტთა კორპუსის მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. სერჟანტთა მომზადების ცენტრში ახალ სასწავლო პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც ბატალიონის და ბრიგადის დონეების სერჟანტისთვის აუცილებელ პროფესიულ ცოდნას მოიცავს. ასევე მზად არის და განხილვის პროცესშია სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლებისა და კარიერული განვითარების ახალი კონცეფცია, რომელიც სერჟანტთა შერჩევის, მათი პროფესიული განათლების და კარიერული ზრდის საკითხებს კიდევ უფრო დახვეწს.
საზეიმო ღონისძიება სერჟანტთა პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტს კობა ცირეკიძეს ღირსების ორდენი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის გადასცა. სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებმა I და II ხარისხის უწყებრივი მედლები „უმწიკვლო სამსახურისთვის“ მიიღეს.
სერჟანტთა ინსტიტუტი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებისთანავე შეიქმნა. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დღეს საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო და ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრი აქვს, რომელიც პროფესიონალი სერჟანტების ჩამოყალიბებას ყველა დონეზე უწყობს ხელს.
სერჟანტთა როლი ძლიერი შეიარაღებული ძალებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ სერჟანტთა კორპუსი წარმოადგენს ჯარის ფუნდამენტსა და ბირთვს.