პოლონეთის სადაზვერვო სამსახურების ორ ყოფილ ხელმძღვანელს ბრალი ჯაშუშური პროგრამა „პეგასუსის“ უკანონოდ გამოყენების გამო წაუყენეს.
პროკურორების განცხადებით, შიდა უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) ყოფილ ხელმძღვანელს, პიოტრ პ.-ს (Piotr P.) და სამხედრო კონტრდაზვერვის (SKW) ყოფილ ხელმძღვანელს, მაცეი მ.-ს (Maciej M.) ბრალად ედებათ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა – კერძოდ, მათ დაუშვეს „პეგასუსის“ სისტემის გამოყენება უსაფრთხოების სავალდებულო აკრედიტაციის, აგრეთვე იმის შემოწმების გარეშე, აკმაყოფილებდა თუ არა ის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის სტანდარტებს.
ბრალდება მაქსიმუმ სამწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურორების თქმით, ეჭვმიტანილთა მიმართ აღკვეთის რაიმე ზომის გამოყენების საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.
დანაშაულს ორივე მათგანი უარყოფს.
საქმეს პოლონეთის ეროვნული პროკურატურის ჯგუფი იძიებს, რომელიც „პეგასუს“ გამოყენებით ჩატარებული სათვალთვალო ოპერაციების კანონიერებას, ასევე სისტემის დანერგვის სხვადასხვა გარემოებას სწავლობს.
„პეგასუსის“ სკანდალი, უფრო კონკრეტულად, გულისხმობს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ (PiS) ყოფილი მთავრობა სამხედრო დანიშნულების ჯაშუშურ პროგრამას უკანონოდ იყენებდა პოლიტიკური ოპონენტების, პროკურორებისა და აქტივისტების გასაკონტროლებლად, მათ შორის – 2019 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს.
წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP (Polska Agencja Prasowa)
